ოპოზიცია მოკვდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გახმაურებულმა გამოკითხვამ ისედაც ცნობილი რამ კიდევ ერთხელ გააცხადა: ის, რასაც 2007 წლის შემოდგომიდან 2009 წლის ზაფხულამდე „ოპოზიციას” ვეძახდით, გარდაიცვალა, ხოლო მისი შემცვლელი ჯერ არ გამოჩენილა.

ამიტომ ადგილობრივი არჩევნები (ანუ მისი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნაწილი - თბილისის მერის არჩევნები), რომელსაც ასე ძალიან ველოდით, შეიძლება დიდ იმედგაცრუებად იქცეს - იმ აზრით, რომ ისინი დაახლოებით ისეთივე ნაწინასწარმეტყველევი და მოსაწყენი აღმოჩნდება, როგორც 2006 წლის მუნიციპალური არჩევნები იყო. ფაქტობრივად, ხდება ნაციონალური მოძრაობის იმდროინდელი პოზიციის გამართლება: არ ყოფილა მთავარი, პირდაპირ აირჩევს ხალხი ქალაქის მერს თუ საბჭოს საშუალებით.

მაშ რა არის მთავარი? თუ თემა ქვეყანაში დემოკრატიის დონეა, მაშინ ოპოზიციის მდგომარეობა და სტატუსი გადამწყვეტია. სადაც არ არსებობს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ხელისუფლების რეალისტურ ალტერნატივად წარმოიდგინო, იქ დემოკრატიის არსებობა, სულ მცირე, სათუოა. დღევანდელი ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციის პირობებში შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე, თუ რამდენად ლიბერალურად და კორექტულად იქცევა ხელისუფლება, მაგრამ დემოკრატიის მყარი საფუძვლების არსებობას ვერ დავიკვეხნით (ცხადია, დემოკრატია ზოგადად სადმე დასაკვეხნად კი არ გვინდა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს, მაგრამ ეს ისე, სიტყვას მოჰყვა).

ის, რაც გარდაიცვალა, არის ოპოზიცია, როგორც სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა. პიროვნებებზე თუ გადავალთ, ისტორიის სანაგვისკენ მიმავალ გზას მტკიცე ნაბიჯებით დაადგა მისი სიმბოლო - ლევან გაჩეჩილაძე. როცა ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძეც კი მოუწოდებს ბატონ ლევანს, ჯარისკაცად ჩაეწეროს ირაკლი ალასანიას არმიაში, რაღა უნდა თქვა?

როგორი უნდა იყოს საოცნებო ბავშვი - ახალი ოპოზიცია, რომლის დაბადება-მოძლიერების შემთხვევაში საქართველოში რეალურ დემოკრატიაზე საუბარი შეგვეძლება? ეს უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგ, არამედ, პირველ რიგში, რაღაცისთვის - და შეუძლია, ამ რაღაცისთვის ბრძოლაში ხალხი აიყოლიოს. მისთვის არ უნდა იყოს სულ ერთი, ვინ მოვა მიშას (გრიშას, დომენტის, ჯონდის...) შემდეგ.

თუ პოლიტიკურ ჯგუფს უნდა, ამ გზით წავიდეს, მან უნდა გააკეთოს მტკივნეული არჩევანი ერთიანობის ტაქტიკურ ლოზუნგსა და პოლიტიკური პრინციპების ქონას შორის. არავინ მოტყუვდეს: ეს იოლი არ არის. ოპოზიციის ერთიანობის იდეა პოპულარული რჩება, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პირობებში ის რაციონალურია: გაერთიანებულ ოპოზიციას ექნებოდა შანსი მაისში მერის არჩევნები მოეგო, დაშლილს და დაქსაქსულს არა აქვს. მაგრამ თუ გაერთიანება თვითმიზანია, პოზიტიურ ხედვაზე უარს ამბობ: ეს ნიშნავს, რომ, მტრის ამ წუთში დამარცხების გარდა, არაფერი გაინტერესებს და მზად ხარ, ეშმაკსაც შეეკრა. ერთადერთი თვალისმომჭრელი ჭეშმარიტება ხელისუფლების ბოროტებაა. მაგრამ თუ გაქვს პრეტენზია, რომ რაღაც ღირებულებები გაგაჩნია და მათთვის იბრძვი, ყველას ვეღარ დაიყენებ გვერდით.

ირაკლი ალასანია ქართულ პოლიტიკაში მოვიდა პრეტენზიით, რომ გახდებოდა ახლებური, წესიერ ოჯახში გამოსაჩენი ოპოზიციის ლიდერი, რომელიც თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ღირებულებებთან იქნებოდა ასოცირებული. როგორც ჩანს, საზოგადოებაში არსებობდა დაკვეთა ასეთ ოპოზიციაზე: მაშ საიდან ამხელა სასტარტო რეიტინგი ნიუ-იორკიდან ახალჩამოსულ სიმპათიურ ახალგაზრდას, რომელსაც არასოდეს არაფრით გამოუჩენია თავი? დღეს მან ეს იმედზე დამყარებული რეიტინგი გაფლანგა: შეიძლება ითქვას, ალასანია „ჩამორესპუბლიკელდა”. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ყალბი „ერთიანობის” ქიმერას გაჰყვა და საკუთარი ხედვა და ამ ხედვის მიყოლისთვის საჭირო პოლიტიკური ნება ვერ აჩვენა საზოგადოებას.

პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა შარშანდელ საგაზაფხულო „წადი, მიშას” კამპანიას დასაკლავად განწირული ცხვარივით გაჰყვა. თუნდაც შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური ალღო ვერ გამოიჩინა და ვერ დაინახა, რომ მოძრაობას პერსპექტივა არ ჰქონდა და მისგან თავიდანვე დისტანცირება ჯობდა. უფრო სწორად, კი ხვდებოდა ამას - თანაალიანსელები პრესაშიც გამოთქვამდნენ სკეპტიციზმს ძმები გაჩეჩილაძეების შთაგონებული პროექტის მიმართ - მაგრამ მაინც დაეთანხმა მათ მოედანზე თამაშს. რატომ? არ უნდოდა „ხალხის ერთიანობის” დამრღვევი გამოსულიყო. თუმცა, ბოლოს მაინც ეს დაუძახეს.

ამ თებერვლის ნევროტული გადარბენების (გაჩეჩილაძე-ნოღაიდელისკენ და უკან) გახსენება უხერხულიც კია. ძირი აქაც იგივეა: ოღონდ ერთიანობა იყოს, ვისთან, რასთან - არა აქვს მნიშვნელობა. რესპუბლიკელებმა იმ მომენტში პრინციპული პოზიცია დაიკავეს და ამისთვის ქებას იმსახურებენ. მაგრამ, ვაი რომ, რაიმე საკითხზე თანმიმდევრული პოზიცია მათგანაც იშვიათი გამონაკლისია. ალასანია კი ბოლოს დაბრუნდა, მაგრამ რაღა ფასი აქვს?

საერთოდ, დღევანდელ ოპოზიციაზე წერა მოსაწყენი და დეპრესიულია: გეცოდება, მაგრამ ვერაფერს შველი. ამიტომ უნდა იანგლო. მაგრამ პრობლემაც რომ მძიმეა: არ არის აუცილებელი, პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა პათოლოგიურად გძულდეს იმის დასანახავად, რომ ანგარიშგასაწევი და ამავე დროს მყარ და გასაგებ ღირებულებებზე ორიენტირებული ოპოზიციის გარეშე ჩვენი სახელმწიფოებრიობა არამყარი დარჩება. საიდან უნდა იშვას ასეთი ოპოზიცია, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. მაგრამ თუ დღევანდელ ოპოზიციაში საღად მოაზროვნე ადამიანები არიან - რის იმედსაც ვიტოვებ - ერთს მაინც უნდა მიხვდნენ: სრული ოპოზიციური ერთიანობის შარშანდელ თოვლს (თუ შარშანდელ წიწიბურას) ვეღარ დაიბრუნებ. ის მატარებელი დიდი ხანია წავიდა.

კომენტარები