ინვალიდები დე-ფაქტო შინაპატიმრობაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი მეათე ადამიანი ფლობს ინვალიდობას, ომის შემდგომ პერიოდებში კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა 12%-ს აღწევს. ინვალიდობის მქონეთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია ეტლით მოსარგებლეები. ორგანიზაციის „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ინფორმაციით, თბილისში მათი რიცხვი ათ ათასს აღემატება.
ეტლით მოსარგებლეთათვის ერთ-ერთი სასიცოცხლო პრობლემა ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილებაა. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში ამ საკითხებზე მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან მუშაობენ. დღესდღეობით მრავალ დასავლეთ ევროპულ თუ ამერიკულ ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თავისუფლად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და საჯარო დაწესებულებებით. თუმცა, საქართველოში ისინი პრობლემებს საცხოვრებლის დატოვებისთანავე აწყდებიან.
მოქმედი კანონმდებლობით, საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას სავალდებულოა ინვალიდობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა. თუმცა, კოალიციის გამგეობის წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მრავალი დარღვევის მიუხედავად, ჯერ არავინ დასჯილა. მისი თქმით, არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სტანდარტების დაცვას გააკონტროლებს.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილებაში ამტკიცებენ, რომ ბოლოდროინდელ მშენებლობებში ყველა სტანდარტი დაცულია. არსებული შენობების უმრავლესობა კი სათანადოდ კეთილმოწყობილი არ არის, რადგანაც 1995 წლამდე შესაბამისი ნორმების დაცვა სავალდებულო არ იყო.
„ინვალიდთა ლიგის” თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე ყვება, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში არათუ სპეციალური ინფრასტრუქტურა, ლიფტიც კი არ არის. ამის გამო, საკუთარი ხარჯებით უწევს ადამიანის დაქირავება, რომელიც გადაადგილებაში დაეხმარება. ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსის, თინათინ შელიას თქმით, იმ შენობების სია, სადაც ეტლით მოსარგებლე პირები ცხოვრობენ, არ არსებობს. თუმცა, თუ ასეთი შენობის საბინაო ამხანაგობა განაცხადს შეიტანს, მერია მათ მოთხოვნას უპირველესად დააკმაყოფილებს.
გზებსა და გადასასვლელებზე სიტუაცია არანაკლებ მძიმეა. შელიას ცნობით, ინვალიდობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული თბილისში სულ რამდენიმე ქუჩა თუ გამზირია, მათ შორის ყაზბეგისა და თამარაშვილის. თუმცა, იონათამიშვილის თქმით, რომ ნორმები ყაზბეგის გამზირზეც კი არ არის სრულად დაცული. მაგალითად, სუპერმარკეტ „კონტინენტალთან” მდებარე პანდუსით სარგებლობა შეუძლებელია, რადგანაც ტროტუარზე ჯიხურია. მისივე ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მანქანების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილებს ხშირად სხვები იკავებენ.
იონათამიშვილის აზრით, უმეტესწილად უსარგებლოა მიწისქვეშა გადასასვლელებში დაყენებული პანდუსებიც. მისი თქმით, „პანდუსები დაყენდა არა მათ თვის, ვინც უნდა გამოიყენოს, არამედ მათთვის, ვინც ამ ადამიანებს ატარებს”. მათი მეშვეობით გადასასვლელში ჩასვლა და, მით უმეტეს, ამოსვლა, დამოუკიდებლად შეუძლებელია, მაგრამ სხვისი დახმარებითაც ძალიან რთულია.
ქალაქში პრობლემისადმი ზედაპირული დამოკიდებულების არაერთი ილუსტრაცია არსებობს. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან მდებარე გადასასვლელში პანდუსი ქუჩის მხოლოდ ერთ მხარეზეა დამონტაჟებული. გადასასვლელში ეტლით ჩასული ადამიანი იძულებული იქნება იმავე მხარეს ამოვიდეს.
ეტლით მოსარგებლეთათვის შვება არც წელს გამოჩენილ მიწისზედა გადასასვლელებს მოუტანია. შელიას ცნობით, მომავალში ამგვარ გადასასვლელებთან სპეციალური ლიფტების დამონტაჟება იგეგმება. თუმცა, ვადებს ის ვერ აკონკრეტებს.
„გადასასვლელ ხიდებზე ლიფტის დამონტაჟება ბევრ პრობლემას მოხსნის, მაგრამ უპირველესად ამ ლიფტამდე მისასვლელი გზის ადაპტირება უნდა მოხდეს”, ამბობს იონათამიშვილი. მისასვლელად კი, ტროტუარის გარდა, საჭიროა კეთილმოწყობილი ტრანსპორტიც. „როდესაც სახლიდან გამოვდივარ და არ მაქვს არჩევანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვისარგებლო თუ ტაქსით, მაშინ ვაწყდები პრობლემებს”.
თბილისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ორმოცი ავტობუსი გამოყო. შელიას თქმით, ამ ავტობუსებზე დამონტაჟებულია მოძრავი პანდუსი, ხოლო უკანა სავარძლები გაუქმებულია. თუმცა, „ინვალიდთა ლიგაში” ამბობენ, რომ სპეციალური ტრანსპორტის არსებობას ქალაქში ვერ ამჩნევენ. მათთვის უცნობია სპეციალური ავტობუსების მარშრუტებიც და განმასხვავებელი ნიშნებიც. ძნელაძის თქმით, მერიას მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მოწოდების თხოვნით მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
იონათამიშვილი ყვება, რომ პანდუსიანი ავტობუსით თავადაც უსარგებლია. მისი აზრით, ავტობუსი იმდენად ცუდად არის ადაპტირებული, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანებისთვის თითქმის გამოუსადეგარია. „მგზავრობა ვინმეს დახმარების გარეშე შეუძლებელია. პანდუსი ძალინ დახრილია, სალონში პირდაპირ ვერ შეხვალ, რადგან საფეხური რჩება გადასალახავი. ამორტიზატორებთან ძალიან ახლოს ხარ და ამიტომ წელის ტკივილს გრძნობ. დანარჩენები პლატფორმაზე არიან, რაც აგრეთვე დამთრგუნველია” - ამბობს იგი. ამავდროულად, საერთოდ არ არის ადაპტირებული თბილისის მეტროპოლიტენი.
მგზავრობასთან დაკავშირებული დისკომფორტის ატანას ეტლით მოსარგებლეთათვის მეტი აზრი ექნებოდა, საჯარო დაწესებულებები მათ მისაღებად მზად რომ ყოფილიყო. მაგრამ, იონათამიშვილის თქმით, იმ ერთეულოვან შენობებშიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით ადაპტირებულია, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ხშირად პრობლემის მოგვარების ილუზიას მხოლოდ შესასვლელის ან პირველი სართულის ადაპტირებით ქმნიან. ზოგჯერ კი ბარგის გადასატანად განკუთვნილ ჩაშენებას უწოდებენ პანდუსს. არადა, მისი საშუალებით ეტლით გადაადგილება დამოუკიდებლად კი არა, სხვისი დახმერებითაც შეუძლებელია. გამონაკლისებიდან იონათამაშვილი სასტუმროებს „რედისონსა” და „მერიოტს” იხსენებს. მისივე თქმით, ადაპტირებულია ვერისა და ცხრა აპრილის დასასვენებელი პარკები. რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, იონათამიშვილის ცნობით, დღემდე მხოლოდ ათი სკოლაა ადაპტირებული. ათივეს კეთილმოწყობა 2008 წელს ნორვეგიის მთავრობის დახმარებით მოხერხდა.
„ინვალიდთა ლიგის” თავჯდომარის ცნობით, თბილისში რამდენიმე ადაპტირებული ეკლესიაც არსებობს. მათ შორისაა სამებაც, მაგრამ მასში შესვლა ეტლით მოსარგებლეთათვის მხოლოდ გვერდითა კარიდანაა შესაძლებელი. ძნელაძე ყვება, რომ გვერდითა კარი ყოველთვის ღია არ არის და საჭირო ხდება ეკლესიის მსახურის მოხმობა. „ამაყი ვიქნებოდი, თუ ქართული ეკლესია მთლიანად საზოგადოებას და სახელმწიფოს მისცემდა ინვალიდობის მქონე პირებზე ზრუნვის მაგალითს”, დასძენს იონათამიშვილი.
2008 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის” შესახებ. კონცეფციაში თავი მოუყარეს არსებულ პრობლემებს, რის საფუძველზეც გამოიკვეთა ინვალიდობის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტები. 2009 წლის დეკემბერში მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს სამწლიანი სამოქმედო გეგმა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება. იონათამიშვილი სამომავლო იმედებს სწორედ საბჭოს უკავშირებს. მისი აზრით, ამგვარი ორგანო უფრო ადრე რომ დაარსებულიყო, მრავალი პროექტი ბევრად ხარისხიანად განხორციელდებოდა. თუმცა, საბჭო დღემდე არ შეკრებილა.


 

კომენტარები