გადასახადის გაზრდამ ინტერნეტმოვაჭრეები დააზარალა

საქართველოში ინტერნეტ-შოფინგის მოყვარულებს 2009 წლის 10 აგვისტოდან ახალი საბაჟო წესი ეხებათ: განბაჟებას, ახლა უკვე 1500 ლარის ნაცვლად, 300 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილი ექვემდებარება.
საბაჟო და საგადასახადო კოდექსების ლიბერალიზაციის შედეგად, 2007 წლის ბოლოს ინტერნეტით შეძენილი ნივთის დაბეგვრის ზღვარი 300 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა. ცვლილების მიზანი მაშინ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება იყო.
ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ლიბერალიზაციით მოქალაქეებმა ბოროტად ისარგებლეს და ინტერნეტით პროდუქციის გამოწერა კერძო ბიზნესად აქციეს: 1500 ლარის ფარგლებში იწერდნენ სხვადასხვა პროდუქციას, არ იბეგრებოდნენ და შემდეგ საქონელს, ადგილობრივ ბაზართან შედარებით, ნაკლებ ფასში ყიდდნენ, რითაც დარეგისტრირებულ კეთილსინდისიერ გადამხდელებს არათანაბარ პირობებში აყენებდნენ. ამიტომ შარშან დაბეგვრის ზღვარმა ისევ დაიწია და საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 300 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთი 18% დღგ-თი დაიბეგრა.
ინტერნეტით შეძენილი პროდუქცია იბეგრება ევროკავშირშიც. 22 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქტზე დღგ-ს გადასახადი ვრცელდება, რომელიც, ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით, 15-დან 25%-მდე მერყეობს.
ამერიკაში ინტერნეტით პროდუქციის შეძენაზე გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. ამერიკა ელექტრონული ბიზნესის მხრივ მსოფლიო ლიდერია.
ექსპერტები დაბეგვრის ზღვრის 300 ლარამდე დაწევის მოტივაციად ბიუჯეტის შევსებას ასახელებენ. ეკონომისტ დავით ნარმანიას თქმით, სამინისტრომ ზღვარი იმიტომ დაწია, რომ ინტერნეტ-ვაჭრობის მოცულობის ზრდის პირობებში, ინტერნეტ-შესყიდვების დაბეგვრით მეტი შემოსავლის მიღების შანსი გაუჩნდა.
მეორე მხრივ, დაბეგვრის ზღვრის 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაწევის ეფექტი სახელმწიფოს ამ დრომდე შეფასებული არ აქვს: ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ შარშანდელი მონაცემები ჯერ არ დამუშავებულა და გაანალიზებულა.
სახელმწიფოს გარდა, ინტერნეტით პროდუქციის გამოწერის პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ - გადამზიდავმა, ინტერნეტ-მაღაზიამ და მომხმარებელმა - დაბეგვრის ზღვრის 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაწევის შედეგები უკვე შეაფასა და გააანალიზა.
დაბეგვრის ზღვრის 300 ლარამდე შემცირებით, ყველაზე მეტად ზარალდება საქართველოში არსებული იმ ტიპის ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს: პროდუქციასაც თვითონ უკვეთავს და საბაჟოსთან ურთიერთობებსაც თვითონ აგვარებს.
ქართული ინტერნეტ-მაღაზიის www.isell.ge-ს წარმომადგენელი ალექსანდრე ღლონტი ამბობს, რომ დაბეგვრის ზღვრის დაწევამ ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედა.
საქართველოში დარეგისტრირებულ ინტერნეტ-მაღაზიებს შეკვეთილი საქონელი მეტწილად ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან ჩამოაქვთ. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, ინტერნეტ-მაღაზიებისა და გადამზიდავების დაკვირვებით, ყველაზე ხშირად მომხმარებელი ინტერნეტით ტანსაცმელს და ფეხსაცმელს იწერს. მეორე ადგილზეა საიუველირო ნაწარმი, მესამეზე - მანქანის ნაწილები. გადახდის ფორმას მომხმარებელი თავად ირჩევს - ნაღდი ფულით ან საბანკო გადარიცხვით.
მომხმარებლები ადგილობრივ ინტერნეტ-მაღაზიებს უცხოურებს არჩევენ, თანაც ისეთებს, რომლებსაც საქართველოში პროდუქციის ჩამოტანის დამოუკიდებელი სერვისი აქვთ. მომხმარებელი შეკვეთილი საქონლის საფასურს იხდის თავისი საბანკო ანგარიშიდან. საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას საშუალოდ ორი-სამი დღე სჭირდება. მომხმარებელი სასურველ ნივთს საშუალოდ 2-3 კვირაში იღებს.
შეძენილი ნივთი, საქართველოს ბაზართან შედარებით, იაფი ჯდება. მაგალითად, საცურაო კოსტიუმი, რომელიც, victoriassecret.com-იდან გამოწერის შემთხვევაში, ქართველ მომხმარებელს 30 დოლარი უჯდება, ქართულ მაღაზიებში, სულ მცირე, 80 დოლარის ექვივალენტი ღირს.
თუმცა, ზოგიერთი უცხოური ინტერნეტ-მაღაზიიდან შეძენილი საქონელი საქართველოში არ ჩამოდის, რადგან ამ მაღაზიების პოტენციური კლიენტი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მითითებული არ არის. ამ შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კერძო გადამზიდავებს, რომელთა მომსახურება ძვირი, საშუალოდ, შესყიდული ნივთის ორმაგი ღირებულება ჯდება.
ამ ტიპის ფირმებს დაბეგვრის ზღვრის 300 ლარამდე დაწევა ყველაზე ნაკლებად შეეხო, რადგან საბაჟოსთან ანგარიშსწორება კლიენტის საქმეა. კომპანია ონლაინ ექსპრესის წარმომადგენელი კახა შუბითიძე ამბობს, რომ თვეში დაახლოებით 800-1000 მომხმარებელს ემსახურება: „ბოლო პერიოდში მომხმარებელი იწერს ცოტას, მაგრამ ხშირად.”
ამ ტენდენციას მომხმარებლებიც ადასტურებენ. ინტერნეტ-მაღაზიების ხშირი კლიენტი სოფო ქევანიშვილი ამბობს, რომ საბაჟოსთან ურთიერთობა არ უნდა, ამიტომ ცდილობს, ერთ შესყიდვაზე 300-ლარიან ლიმიტს არ ასცდეს.
დაბეგვრას სხვა გზითაც იცილებენ თავიდან: მომხმარებლები, გადამზიდავები და ინტერნეტმაღაზიები შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობას რამდენიმე ადამიანზე ან ანგარიშზე ანაწილებენ, რათა თითოსთვის შეკვეთილი პროდუქცია 300 ლარს არ აღემატებოდეს.
ამდენად, კანონისთვის გვერდის ავლა კანონიერი გზითვე ხერხდება: მთავარი შედეგი, რასაც სახელმწიფო დაბეგვრის ზღვრის დაწევით მიიღებს, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი და, პერსპექტივაში, მსოფლიო ბიზნესრეიტინგებში გაუარესებული პოზიციები იქნება.


 

კომენტარები