ახალკახეთი: ლოპოტა

ლოპოტას ხეობის თვალწარმტაცი ფოტოები, ჯერ კიდევ შარშან, სასტუმროს ვებგვერდზე ვნახე. მაშინ ნანახი გვიანი შემოდგომის ჭრელი პეიზაჟები დღემდე კარგად დამამახსოვრდა. „დედაენიდან” დაწყებული, კახეთი ჩვენს ცნობიერებაში ვაზთან, რთველთან და შემოდგომასთან ასოცირდება. თუმცა ვინც აქ გაზაფხულზე ყოფილა და უნახავს ვარდისფრად ალეწილი ატმის ყლორტები, ივრის ან ალაზნის ხასხასა ველები, უკიდეგანო ზვრები ან ლაჟვარდოვანი ჰორიზონტისთვის გაუსწორებია თვალი, დამეთანხმება, რომ კახეთი გაზაფხულზეც დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. გლეხის ოჯახში სახელდახელოდ მორთმეულ ახალი ნივრისა და ტარხუნის გემოზე აღარაფერს ვამბობ. აპრილია და კახელები ვენახებს არიან შესეული. მანავში მევენახეებს ცხვარი დაუკლავთ და იქვე, გზის პირას ატყავებენ. სვლას ვანელებ, რომ ჩემმა უცხოელმა სტუმარმა ფოტო გადაიღოს. „მაიყვა, მაიყვა! - ჩერდება დამკვლელ-გამტყავებელი და სისხლიან დანას თავისკენ იქნევს. ეს ძველი კახეთია - ვუხსნი სტუმარს, ფიროსმანის კახეთი. თუმცა, ჩვენი მოგზაურობის მიზანი ამჯერად ახალი კახეთია, ვენახებს მოწყვეტილი, მთებში ჩაკარგული მდინარე ლოპოტას ხეობა და სასტუმრო, რომელიც ახლებური დასვენების მსურველ ახალ ქართველებს ახლებურ დასვენებას სთავაზობს.
სოფელ ნაფარეულის გზიდან მარჯვნივ გადავუხვიეთ და მოხრეშილ გზას დავადექით. ორიოდე კილომეტრის შემდეგ გამოჩნდა მთებში ჩაფლული ტბა და სასტუმროს კომპლექსი. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ხელოვნური ტბების დიდი მოყვარული არ გახლავართ, არც ტბაში ჩაშვებულ წყლის ველოსიპედებზე ვგიჟდები მაინცდამაინც, მაგრამ შეუძლებელია, არ დააფასო ის სიმშვიდე და სილამაზე, რაც აქ სუფევს. სასტუმროში თბილად მიგვიღეს და ძალიან თბილ ოთახში შეგვიძღვნენ. ოთახი სუფთა და სასიამოვნოა, განიერი, კომფორტული საწოლებით.
სასტუმროს კომპლექსი სადა, რიყის ქვით ნაშენი, აგურით მოპირკეთებული და ძველი კრამიტით გადახურული ნაგებობებისგან შედგება. ამათგან ერთ, ორსართულიან შენობაში 7 სასტუმრო ოთახი 16 ადამიანს იტევს. შვიდი ოთახიდან მხოლოდ ორს აქვს ხედი ტბაზე, ამიტომ შეკვეთისას დააზუსტეთ. დამხმარე ერთსართულიან შენობებებში განთავსებულია ძვირად ღირებული ბარი (აქ გაწეული ხარჯი არ შედის ოთახის ღირებულებაში), საბილიარდო (ამერიკული ბილიარდითა და სამაგიდო ჰოკეით) და სასადილო მარნით. სასტუმროს წინ, ტბის გაყოლებაზე, დგას მოწნული სავარძლები და მინის მაგიდები, შეზლონგები მზეზე გასარუჯად, ასევე მეტალოპლასტმასისჩარჩოებიანი, ტბაში შეჭრილი მინის პავილიონი. აქედან შეგიძლია ტბაში მოცურავე გედებსა და ჭრელ იხვებს ადევნო თვალი.
ტბის პირას მოწნული სათევზაო ფაცხებია. ტბაში მოშენებულია: თეთრი ამური, კობრი, კალმახი. ანკესებიც აქვე აქვთ და შეგიძლიათ, საკუთარი ხელით დაჭერილი თევზი სადილად მიირთვათ. თუმცა ეს შესაძლოა სრულიად ზედმეტი აღმოჩნდეს, რადგან კვება წარმოუდგენლად გულუხვია: საუზმეზე 5 კერძი დავითვალეთ, სადილზე - 7, ვახშამზე - 9! ყველაფერი გემრიელია. ასეთი სიმძიმე ღამის მოუსვენრობაში გადადის, ცუდად გძინავს. არადა, იდუმალი ღამეა - სიმყუდროვეს მხოლოდ ბაყაყების ყიყინი არღვევს. მეორე დილას მენეჯერს ამ ზომაგადასულ სტუმართმოყვარეობაზე ვუსაყვედურეთ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ: „ესეც დასვენების ნაწილია”. კეთილი. ყველამ თავად გააკეთოს არჩევანი ჭამასა და ღამის მოსვენებას შორის.
ლოპოტას დამსვენებელი ძირითადად შაბათ-კვირას ეტანება და 7 ოთახი უცბად ივსება. ასე რომ, წინასწარ შეკვეთა აუცილებელია. კვირის განმავლობაში აქ სიხალვათეა. სრული იზოლაციის მოყვარულებმა სასტუმროს კვირის განმავლობაში უნდა მიაშურონ. უქმეებზე კი პაკეტი - ორი ადამიანის დასვენება სამი ღამით 595 ლარი ღირს.
ლოპოტა სტუმრებს სხვადასხვა ტურისტულ, საცხენოსნო და ენოლოგიურ (ღვინის დაჭაშნიკება) ტურს სთავაზობს. ტურების ღირებულებაა 50-150 ლარი, რაც დამოკიდებულია ტურის პირობებზე, წინასწარი შეთანხმებით სასტუმროს მენეჯმენტთან. ტურების ორგანიზება თავადაც შეგიძლიათ. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს.
რა ვაკეთოთ? რა ვნახოთ?

ნაფარეულის ძველი მარანი 2 კმ
ტელ: 899 17 09 29; 890 10 70 70
www.cellar.ge
ძმები გია და გელა გამტკიცულაშვილების საოჯახო აგრიტურისტული საწარმო, „ტევანის” მცირე მეღვინეობა. ღვინოები: რქაწითელი - კახური და ევროპული, საფერავი, კაბერნე. მცირე ღვინის ქარხანა, ძველი მარნითა და რამდენიმე სასტუმრო ოთახით.

გრემი 12 კმ
1466 წლიდან მოყოლებული, ორი საუკუნის განმავლობაში გრემი კახეთის დედაქალაქი იყო. 1616 წლის შაჰ-აბასის შემოსევის შედეგად იმ დროიდან ბევრი არაფერი დარჩა, მხოლოდ გრემის ციხე და ლევან კახეთის მეფის მიერ აშენებული მთავარანგელოზთა ეკლესია. აქვეა მისი საფლავიც.

ნეკრესი 24 კმ.
ამჟამად მიმდინარეობს 1.5-კილომეტრიანი მისასვლელი გზის მშენებლობა. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ტაძარი ნეკრესში ააშენა აბიბოს ნეკრესელმა, ერთ-ერთმა ასურელმა მამამ. ნეკრესიდან იშლება ალაზნის ველის თვალწარმტაცი, პანორამული ხედი.

წინანდალი (უკანა გზაზე)
ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორიული სამოსახლო და მუზეუმი ტყე-პარკითა და გარსევან ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ერთ-ერთი უძველესი მარნით. განახლებული სახლ-მუზეუმი ახლად გახსნილი კაფეთი და სასტუმროთი. სახლ-მუზეუმში გამოფენილია სალვადორ დალის ლითოგრაფიები და ქანდაკებები (6 ივნისამდე).

სასტუმრო ლოპოტა
მისამართი: სოფელი ნაფარეული, ლოპოტას ხეობა, თელავის რაიონი, კახეთი
ტელ: 18 44 48, 890 10 40 40, 891 14 94 94
ელფოსტა: [email protected]
ოთახების რაოდენობა: 7
მანძილი თბილისიდან: 165 კმ
სპორტულ-გამაჯანსაღებელი: თევზაობა, საცხენოსნო ტური,
ლაშქრობა ლოპოტას ხეობაში
ისტორიული: ნაფარეული, გრემი, ენისელი, ნეკრესი,
წინანდალი
ენოლოგიური: ნაფარეულის ძველი მარანი
აქტუალური: წინანდალი, სალვადორ დალის გამოფენა
ღირებულება: 195 ლ. (ორადგილიანი ოთახი ერთი ღამით, სამჯერადი კვებით)
www.lopota.ge
www.kakheti.gov.ge





 

კომენტარები