სერბის სლოვენია

უტევს გორან დრაგიჩი
REUTERS
უტევს გორან დრაგიჩი
ფოტო: REUTERS
  14 წლის წინ ოლიმპიაკოსმა ევროლიგის ნახევარფინალში ოლიმპიას მოუგო. კლასით, კალათბურთით მოუგო. ბერძნებმა დოკ რივერსის 28 ქულით აკრიფეს, ფინალში რივერსის 26 ქულით ბარსელონას შეუსრულეს და ევროლიგა ერთი წლით გაწითლდა, ოლიმპიაკოსის ფერებში გადავიდა. იმ ბარსელონაში მაგარი ლიტველი, არტურას კარნიშოვასი იდგა და პასებს საშა ჯორჯევიჩისგან იღებდა. იმ ოლიმპიაში ჩვენი ბიჭი, ვლადიმერ სტეფანია იყო და ოლიმპიაკოსთან მაღალმა ნიჭმა 12 ქულა შეაგროვა. ოლიმპიას სქემებს და განწყობას მომთხოვნი და მოშინდლერო მწვრთნელი, ბოჟიდარ მალიკოვიჩი ქმნიდა. დღეს მალიკოვიჩი სლოვენიის ნაკრების ბოსია. მალე სლოვენიას ლიტვაში გავესაუბრებით. მძიმე, ბევრისთვის გაუგებარი დიალოგი წავა და იმ ტესტის ჩაბარება რთული იქნება. სლოვენიასთან სულ რთულია. იმ ოლიმპიაში კიდევ ერთი კარგი ბიჭი იყო, რომელიც სტეფანიას ასვენებდა. ის NBA-ს ჩემპიონი გახდა. ის რაშო ნესტეროვიჩია. რაშო ასაკში და ნაკრებშია. ნაკრებში ასაკი და რაშო ძმაკაცობენ.

ამბობს – ბოჟიდარ მალიკოვიჩი

მალიკოვიჩი ყველგან იგებს. სერბმა ევროლიგა იუგოპლასტიკასთან ერთად ბევრი წლის წინ, ორჯერ (1989-90) მოიგო და იგივე ტურნირი ფრანგულ ლიმოჟს და ოლიმპიაკოსზე აცრილ ბანდას, პანათინაიკოსს მოაგებინა. მალიკოვიჩი სლოვენიაშიც რაღაც დიდის, განსაკუთრებულის მოსაგებად მიიყვანეს. მალიკოვიჩმა სლოვენიას ევროპაზე მუნვოქით უნდა მოაგებინოს. მთელი სლოვენია მუნვოქს სწავლობს. მალიკოვიჩმა პრიმოჟ ბრეჯეცის ასკილოგრამიანი უკანალიც ელეგანტურად უნდა ააძიგძიგოს.

ალეშ პიპანის შემდეგ, სლოვენიის ნაკრებში ბოსი ჯერ იურე ზდოვცი იყო და ზდოვცობა ერთი ციკლით მემი ბეჩიროვიჩმა იკისრა. სლოვენია სულ იქ, ფინალთან ახლოს ტრიალებდა და სხვაზე ოდნავ მორიდებული, ჩუმი, მშვიდი შემსრულებელი იყო. სლოვენიამ ორი წლის წინ ნახევარფინალში წააგო სერბეთთან 92:96 და შემდეგ, მესამე ადგილზე გასვლის სურვილიც დაკარგა. მესამე ადგილზე ბერძნები გავიდნენ. სლოვენიას ფინალში უნდოდა და ფინალში მილოშ ტეოდოშიჩის სერბეთი შევარდა. ტეოდოშიჩმა 32 ქულით ჩაუკრა თვალი სლოვენიას.

მალიკოვიჩი 1997 წლის ევროლიგას იხსენებს. რომში ოლიმპიაკოსთან წაგება სლოვენიისთვის მძიმე იყო. სლოვენიას მეტი უნდოდა და მერე რა, რომ ბერძნებს ამერიკელი ჯოკერი ჰყავდათ. ოლიმპიამ წააგო, მალიკოვიჩმა ვერ მოიგო და სერბს სლოვენიის ვალი აქვს.

ლიტვაში სლოვენიამ მისაღები უნდა მიიღოს. მალიკოვიჩმა ფინალი უნდა მოიგოს და ვალი გასტუმრებული იქნება.

ისმენს – მთელი სლოვენია

სლოვენია ლიტვაში სერიოზული, დაბოღმილი, მონდომებული ბიჭებით ჩადის.

მატიაშ სმოდიში რუსეთში რუსებზე მთქმელი და პოპულარული ტიპია. სმოდიში ცსკაში კაპიტანია. სმოდიში აქაც კაპიტანია და მალიკოვიჩს ჯერ ეს მძიმე ფორვარდი უსმენს. სმოდიში სერბისთვის ხიდია.

პრიმოჟ ბრეჟეცი ვერ დარბის, დაცვაში ტენტის ქვეშ გლიასეს ურტყამს და მაინც სახიფათო პერსონაჟია. თუ გაეხსნა, ბევრ ქულას შეაგროვებს.

სანი ბეჩიროვიჩი ისევ მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობს. უყვარს ქალები, დალევა და კალათბურთი. ჯერ ვერ გაარკვია, რა უფრო უყვარს. მაინც კარგია.

რაშო ნესტეროვიჩი ევროპაში ისვენებს. ნესტეროვიჩი ტიმ დანკანთან ერთად იქ, ტექსასში ჩემპიონი გახდა. ნესტეროვიჩი აქ, ტიმ დანკანის გარეშეც ჩემპიონი უნდა გახდეს.

ბოსჩან ნახბარი ღამის კლუბში ვარჯიშობს, უყურებს რასელ ქროუს ყველაფერს და კალათბურთით თამაშობს. თუ ნახბარი ნაკრებშია, სლოვენიაც ისვენებს. სერიოზული მოთამაშეა.

ერაზემ ლორბეკი პროფესორია. ლორბეკზე ავა ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი ან ვინმე სხვა, მაღალი და დასვენებული ქართველი. აუცილებლად დასვენებული უნდა იყოს. ლორბეკი ინტელექტით გღლის. ლორბეკი მეხუთე ნომერია და პერიმეტრზეც ადის. The MAN.

ასრულებს – გორან დრაგიჩი

NBA ამერიკული ლიგაა. ამერიკული ლიგა ამერიკული ოცნებაა. ამერიკულ ოცნებაში ყველაფერი მოსულა. გორან დრაგიჩმა ერთი მეოთხედით მსუყე კონტრაქტი დაირტყა და ეს სტეიკი დიდხანს ეყოფა. დრაგიჩმა შარშან, 10 მაისს გასავარდნ ეტაპზე ერთ მეოთხედში 23 ქულა დადო. დრაგიჩმა 23 ქულა გაუკეთა გუნდს, რომელსაც ეკუთვნოდა და ვინც მას არ ენდო. დრაგიჩმა ფინიქსს სან ანტონიოსთან მოაგებინა. სტივ ნეშმა გორანს თავისი ოფლსაწმენდი აჩუქა, გუნდმა გორანს ახალი კონტრაქტი აჩუქა და დრაგიჩმა ერთი მეოთხედით პურის ფული იშოვა.

 დრაგიჩი ინდივიდუალისტია და იბუტება. დრაგიჩი მხატვარია და ფერებს სულ თვითონ არჩევს. დრაგიჩი ყველაფერს ეგრევე ითვისებს და ყველაფერს იმახსოვრებს. მაშინ, ფინიქსმა სან ანტონიო რომ გააგდო, გორანის ბანდა კონფერენციის ფინალში ლეიკერსზე გავიდა. ელ ეიში კობის კიდევ ერთი სლოვენიელი, საშა ვუიაჩიჩი ასვენებდა. წუთშესვენების დროს დრაგიჩს ბურთი გადაუვარდა. გორანმა ვუიაჩიჩს გადასძახა, მიდი რა, მომაწოდეო. მარია შარაპოვას ქმარმა ბურთს მიაფურთხა და ფეხი მიარტყა. დრაგიჩმა საშას ყურში წამოარტყა. დრაგიჩი ისევ ნაკრებში და საჭირო კაცია. ვუიაჩიჩის ბრექობა სლოვენიის ნაკრებში არ მოსულა. იქ ყველას ერთმანეთი გააქვს და ძველი ბიჭები ვერ ძველბიჭობენ.
დრაგიჩი ორი წლის წინ, პოლონეთში რომ ევრობასკეტი იყო, 9.3 ქულას და თითქმის 3 მოხსნას იღებდა. შარშან, მსოფლიოზე ბიჭმა საშუალოდ 16 ქულა, 4 პასი და 3.5 მოხსნა აკრიფა.

დრაგიჩმა აკრიფა. სლოვენიის გასახდელშიც The World Is Yours ტრიალებს.

ლიტვაში წასაყვანები – მირზა ბეგიჩი (რეალი), სამო უდრიხი (ოლიმპია), გასპერ ვიდმარი (ფენერბახჩე), იაკა ლაკოვიჩი (გალათასარაი), მატიაშ სმოდიში (ცსკა), უროშ სლოკარი (მანრესა), ბოსჩან ნახბარი (ეფეს პილზენი), ერაზემ ლორბეკი (ბარსელონა), გორან დრაგიჩი (ჰიუსტონი, NBA), ზორან დრაგიჩი (კრკა), მიჰა ზუპანი (სპარტაკი), პრიმოძ ბრეჟეცი (კრასნიე კრილია), რაშო ნესტეროვიჩი (ოლიმპიაკოსი), ედო მურიჩი (კრკა), კლემენ პრეპელიჩი (ჰელიოსი).

სლოვენია ევრობასკეტზე: 1993 – XVI ადგილი, 1995 – XII ადგილი, 1997 – XIV ადგილი, 1999 – X ადგილი, 2001 – XV ადგილი, 2003 – X ადგილი, 2005 – VI ადგილი, 2007 – VII ადგილი, 2009 – IV ადგილი.

კომენტარები