დანაშაულის სტატისტიკა

ბესელია ოპონენტებს კრიმინალის ზრდაზე მუდმივი აპელირების გამო აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ოპონენტები კრიმინალის ზრდაზე მუდმივი აპელირების გამო გააკრიტიკა და სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.

"იმ ფონზე, როცა სხვადასხვა ჰუმანური გადაწყვეტილებების შედეგად, 14 ათასზე მეტი პატიმარი გამოვიდა ციხიდან, ძალიან საიმედოა ინფორმაცია, რომელიც გუშინ გაცხადდა. ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 4126-ით შემცირებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპონენტები მუდმივად უკიჟინებენ საზოგადოებას, რომ დანაშაულმა იმატა. ესაა სიცრუე", - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენა კვლავ მნიშვნელოვან ამოცანად რჩება და ამ კუთხით კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

"მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი "ამნისტიის კანონი" მივიღეთ, საპატიმროებში არსებული ადამიანებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც თავიანთი საქმის გადახედვას ელოდება, კიდევ არსებობს პრობლემა. ჩვენ სამართლიანობის აღდგენა მიგვაჩნია უპირველეს ამოცანად და, რა თქმა უნდა, ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

კომენტარები