პოლიტიკა

მიშა ჰობსი და ბიძინა კანტი

გია ნოდია
0 კომენტარი

ერთ-ერთ საერთაშორისო შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირმა აუხსნა დამსწრე საზოგადოებას, თუ სახელდობრ რაშია განსხვავება მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ხედვებს შორის: პირველი თომას ჰობსის ხაზს მიჰყვება, ხოლო მეორე – იმანუელ კანტისას.

თუ მკითხველი ამგვარ შეფასებას ირონიულ ღიმილს შეაგებებს, ვურჩევ, არ იჩქაროს. აქ გვაქვს ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო პიარი საუკეთესო სახით. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკოსს რომელი ფილოსოფოსი წაუკითხავს ან არ წაუკითხავს. ჰობსის და კანტის დაპირისპირება დღევანდელი დასავლური ინტელექტუალური დისკუსიის ნაწილია: კერძოდ, ამ ანალოგიის გამოყენებით საუბრობენ ღრმა განსხვავებაზე საერთაშორისო სისტემის ამერიკულ და ევროპულ ხედვებს შორის. ამერიკელებს ჰობსიანელებს უწოდებენ, ხოლო ევროპელებს – კანტის ტრადიციის მიმდევრებს. როცა ქართველი პოლიტიკური მოხელე დასავლელებს ამ ენაზე ელაპარაკება, თავის „დონესაც" აჩვენებს და იმასაც, რომ მათთან საერთო ღირებულებები აქვს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ასეთი შედარება სწორია.

ჰობსის ამერიკა და კანტის ევროპა?

ჰობსის და კანტის შედარებით თანამედროვე პოლიტიკის ახსნა დაიწყო ნეოკონსერვატული მიმართულების ამერიკელმა ანალიტიკოსმა რობერტ კაგანმა 2003 წელს გამოცემულ წიგნში Of Paradise and Power, „სამოთხესა და ძალაუფლებაზე". ეს ის დროა, როცა ერაყის საკითხმა განსაკუთრებით ღრმა ბზარი გააჩინა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში: ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნებას, რომ საჭიროა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, რასაც არ ეთანხმებოდნენ მისი წამყვანი ევროპელი პარტნიორები, პირველ რიგში – საფრანგეთი და გერმანია.

კაგანი ამ უთანხმოებას ხსნიდა იმით, რომ ატლანტის ოკეანის ორ მხარეს პრინციპულად სხვადასხვაგვარად ხედავენ სამყაროს. ამერიკელები ეყრდნობიან თომას ჰობსის ხედვას, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო ურთიერთობებში, განსხვავებით სახელმწიფოს შიდა ვითარებისგან, მიმდინარეობს „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ", ანუ აქ წესრიგი ძალთა ბალანსს ემყარება. მე-20 საუკუნის ბოლოსთვის ჩამოყალიბდა ჩვენი პლანეტისთვის უკიდურესად სასიკეთო და უნიკალური ვითარება, როდესაც დემოკრატიული ქვეყნების კოალიცია, ანუ „დასავლეთი" ამერიკის ლიდერობით, დომინირებს გლობალურ დონეზე. ეს საუკეთესო პირობებს ქმნის მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების მაქსიმალურად მაღალი ხარისხისთვის. მაგრამ ეს იმის შედეგია, რომ დასავლეთი სამხედრო თვალსაზრისითაც უკონკურენტოა. ამ მდგომარეობის შესარჩუნებლად საჭიროა, რომ დემოკრატიული ღირებულებების მიმართ მტრულად განწყობილ დიქტატორებს დასავლეთისა ეშინოდეთ და საერთაშორისო წესრიგის შეცვლა ვერ გაბედონ. საამისოდ კი, დემოკრატიულ თანამეგობრობას ხანდახან მოუხდება ძალა გამოიყენოს განსაკუთრებით სახიფათო რეჟიმების წინააღმდეგ. ამის მაგალითი იყო NATO-ს დარტყმა იუგოსლავიის წინააღმდეგ 1999 წელს; ასევეა აუცილებელი შეტევა სადამ ჰუსეინზე, რომელიც ღიად უპირისპირდება საერთაშორისო წესრიგს.

ევროპელებს, კაგანის აზრით, ეს არ ესმით ან არ უნდათ, გაიგონ. ისინი გაირყნენ ხანგრძლივი მშვიდობით 1945 წლის შემდეგ, როცა მათ უსაფრთხოებას, ფაქტობრივად, სხვა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, უზრუნველყოფდა. მათ დაავიწყდათ, რომ მშვიდობა თავისით არ მოდის, მას, უპირველეს ყოვლისა, ძალის პოლიტიკაში მონაწილეობა სჭირდება. ისინი გაიტაცა იდეამ, რომ მყარი უსაფრთხოების მოსაპოვებლად საკმარისია სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე მოლაპარაკებები და საერთო წესებზე შეთანხმება. ამ დროს ევროპელები იშველიებენ იმანუელ კანტის ხედვას „მარადიული მშვიდობის" შესახებ, რომელიც მიიღწევა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „მიზანთა საუფლოში", ანუ იქ, სადაც მიღწეულია „სისტემური კავშირი სხვადასხვა გონიერ არსებებს შორის საერთო კანონების საფუძველზე". ასეთი „სისტემური კავშირის" მაგალითია, კერძოდ, ევროკავშირი.

ევროპელების შეცდომა იმის დავიწყებაა, რომ დანარჩენი მსოფლიო სულაც არ იზიარებს კანტის და ევროკავშირის პრინციპებს და ძალის პოლიტიკის ერთგული რჩება; ხოლო სანამ ასეა, ვერც ევროპა დარჩება ნაკრძალად. თუ ევროპელები ამას უარყოფენ, ესე იგი, ან ილუზიების ტყვეობაში არიან, ან, უბრალოდ, პარაზიტობენ: ურჩევნიათ, ძალის პოლიტიკის ბინძური საქმე მათ მაგივრად ამერიკელებმა აკეთონ, თავად კი სხვის გარანტირებულ უსაფრთხო სამოთხეში დატკბნენ და თან იმავე ამერიკელებს დასცინონ.

იმავე 2003 წელს, იგივე ანალოგია, ოღონდ ევროპული პოზიციიდან, გამოიყენა რობერტ კუპერმა, დიპლომატმა და დღესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა არტიტექტორმა, წიგნში „ერების მსხვრევა: წესრიგი და ქაოსი ოცდამეერთე საუკუნეში". ჰობსის ხედვაზე აგებულ სამყაროს მან „მოდერნული" უწოდა, კანტისაზე კი – „პოსტმოდერნული". მოდერნულია ერი-სახელმწიფოების სამყარო, სადაც თითოეული ქვეყანა საკუთარ სუვერენიტეტზე ზრუნავს: აქ იქმნება დროებითი კავშირები და კოალიციები, მაგრამ არა უსაფრთხოების მყარი არქიტექტურა, ანუ არსებითად ნარჩუნდება ჰობსისეული „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ". ამ სამყაროში ცხოვრობენ რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა და ა. შ. უკეთესი, პოსტმოდერნული წესრიგი მხოლოდ ერი-სახელმწიფოს პრინციპის უარყოფით იქმნება: ასეთი რამ ევროკავშირის ფარგლებში ხდება. მხოლოდ ასე მიიღწევა მყარი მშვიდობა და უსაფრთხოება. ამერიკის და ევროპის კამათი მოდერნული და პოსტმოდერნული ხედვების კამათია. მსოფლიოში მყარი წესრიგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უფრო პროგრესული, ევროპული ხედვა გაიმარჯვებს; ამერიკული ანუ მოდერნული (იგულისხმება: ჩამორჩენილი, ყავლგასული) ხედვა კი მუდმივი ომებისა და ქაოსის ვითარებაში დაგვტოვებს.

სად არიან ქართველები?

აქედან გასაგებია, რატომაა ბიძინა კანტის დაპირისპირება მიშა ჰობსთან კარგი პიარი: ბევრ ჩვენს დასავლელ პარტნიორს სწორედ ამის გაგონება უნდა და უხარია. ამას სპეციფიკური ფაქტორიც ემატება: სააკაშვილის ბევრი დასავლელი კრიტიკოსისთვის ის ზედმეტად ახლოს იყო ცუდი ჯორჯ ბუშის ნეოჰობსიანურ ხედვასთან; რა კარგია, რომ ის ევროპული ტიპის კანტიანელმა ბიძინამ შეცვალა.

მაგალითად, ეს ენა კარგად ესმის ტომ დე ვაალს კარნეგის ფონდიდან, ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ დასავლელ ანალიტიკოსს. თავისი ბიოგრაფიით ის ევროპას და ამერიკას აერთიანებს: ბრიტანელია, მაგრამ ბოლო წლებში ამერიკაში გადავიდა სამუშაოდ. მისი აზრით, მთლიანად კავკასიის და კერძოდ საქართველოს მთავარი პრობლემა ჩამორჩენილი ჰობსიანური აზროვნებაა: აქ ზედმეტად უყვართ ეროვნული სუვერენიტეტი და სწორედ ამიტომ აქვთ გაუთავებელი კონფლიქტები. საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკა მას ძველისაზე უფრო მოსწონს იმიტომ, რომ მის ქმედებებში ხედავს „საწყისებს ევროპული მიდგომისა, რომელიც უსაფრთხოებას უყურებს, როგორც მეზობელთან თანამშრომლობას და არა მის წინააღმდეგ მუშაობას". სწორედ ეს გვითხრა მან როუზ-როთის სემინარზე, რომელიც ამ წლის მაისში თბილისში გაიმართა.

ეს თემა რეფრენად გასდევს ბევრი ევროპელის შეგონებას ქართველების მიმართ: ევროპელობაზე თუ დებთ თავს, ასე გადარეული აღარ უნდა იყოთ თქვენს სუვერენიტეტზე (მაშასადამე, ტერიტორიულ მთლიანობაზეც). სადა ხართ, ხალხო, ოცდამეერთე საუკუნეა!

მცირე განსხვავებათა ნარცისიზმი

ახლა შევაფასოთ: სწორია ეს ანალოგია? ანუ მართლაც ასე განსხვავდება უსაფრთხოების ევროპული და ამერიკული ხედვები, და საქართველოს მართლაც უდგას აუცილებლობა, მათ შორის ერთ-ერთი აირჩიოს?
შემთხვევით არ გამისვამს ხაზი იმისთვის, რომ ორივე რობერტის წიგნი გამოვიდა 2003 წელს, როდესაც ერაყის ომისადმი განსხვავებულმა დამოკიდებულებამ განსაკუთრებით გააღრმავა უთანხმოება ევროპასა და ამერიკას შორის. საეჭვოა, მათ ისინი დაეწერათ რამდენიმე წლით ადრე, როდესაც NATO ერთსულოვნად ბომბავდა იუგოსლავიას, ან 2011 წელს, როდესაც ბრიტანეთი და საფრანგეთი წამყვან როლს თამაშობდა NATO-ს სამხედრო ოპერაციაში ლიბიის რეჟიმის წინააღმდეგ, ხოლო ობამას ამერიკა ჩრდილში იდგა.

ეს არ ნიშნავს იმის უარყოფას, რომ კაგანსაც და კუპერსაც ბევრი კარგი დაკვირვება აქვთ. შეერთებულ შტატებსა და ევროპას (განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპას) შორის მართლაც არის მნიშვნელოვანი მენტალური განსხვავებები, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ევროკავშირის ინსტიტუციურ პროექტსაც უკავშირდება და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოცდილებასაც. ამით შეიძლება ავხსნათ, რომ ამერიკელები უფრო მზად არიან ძალისმიერი პოლიტიკის გასატარებლად, ვიდრე ევროპელები.

მაგრამ ეს განსხვავება ხარისხობრივია და არა თვისობრივი. ორივე რობერტის აზრის საპირისპიროდ, ამერიკელები და ევროპელები საერთო ძირეულ პრინციპებს და ღირებულებებს იზიარებენ, თუნდაც მათ ინტერპრეტაციაზე ხანდახან ვერ თანხმდებოდნენ. სწორედ ამიტომ, მათი გამაერთიანებელი ცნება „დასავლეთი" კვლავაც კანონიერია. ეს საერთო პრინციპები და ღირებულებები არსებითად განასხვავებს დასავლეთს ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი და ა.შ. გლობალური მასშტაბით, ეს მეორე განსხვავება განუზომლად უფრო წონადია, ვიდრე დასავლეთის შიდა უთანხმოებები. მაგრამ პარიზის, ბრიუსელის და ვაშინგტონის მკვიდრთ შეიძლება ილუზია გაუჩნდეთ, რომ მათ შორის განსხვავებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ილუზიას „მცირე განსხვავებათა ნარცისიზმს" ეძახიან. ამის მსგავსად, თელაველის ცნობიერებაში, შეიძლება, გურჯაანელებთან კონფლიქტია მთავარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი მსოფლიოც ამაში დაეთანხმოს.

ჰობსიც და კანტიც

სინამდვილეში, ამერიკელებიც და ევროპელებიც (ყოველ შემთხვევაში, მათი ჭკუათმყოფელი უმრავლესობა) ერთდროულად ჰობსიანელებიც არიან და კანტიანელებიც. „გონიერ არსებებს შორის საერთო კანონებზე დამყარებული სისტემური კავშირი" არსებობს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ მთლიანად დასავლეთის შიგნით. რაც გინდა ეძახდნენ ბერძნები ანგელა მერკელს „ნაცისტს", გერმანია-საბერძნეთის ომი დღევანდელ სამყაროში წარმოუდგენელია; მაგრამ ზუსტად ასევეა წარმოუდგენელი ომი აშშ-სა და საფრანგეთს, ან, ვთქვათ, ნორვეგიასა და კანადას შორის. ამ მხრივ, ევროკავშირის წევრობა და მისი რეგულაციების მიღება კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ლიბერალური დემოკრატიის ძირეული პრინციპების გაზიარება.

ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს იზიარებენ „დემოკრატიული მშვიდობის თეორიას", რომელიც კანტის მოძღვრებას ემყარება: რაც უფრო გაფართოვდება დემოკრატიული სამყარო, ანუ რაც უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს და დაამკვიდრებს ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს, მით უფრო გაფართოვდება ჩვენს პლანეტაზე მშვიდობის და უსაფრთხოების ზონა. ამ აზრით, ჰობსის მოყვარული ნეოკონსერვატორების არგუმენტი ერაყის ომის სასარგებლოდ, სინამდვილეში, კანტიანური იყო: თუ ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიას შევიტანთ, იქ მერე მშვიდობაც დაისადგურებს. სხვა ამბავია, რამდენად რეალისტური იყო ასეთი ვარაუდი – მაგრამ ეს უკვე სხვა დისკუსიაა.

მაგრამ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი აღიარებს (ან იძულებულია, აღიაროს), რომ ჯერჯერობით დემოკრატიული მშვიდობის ზონა შეზღუდულია. თავს ვერ მოვიტყუებთ, თითქოს ყველა იზიარებს პრინციპებს, რასაც დასავლეთი ემყარება (თუნდაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ყასიდად ახდენდეს მის დეკლარირებას). ამიტომ, გლობალური სამყარო ძალის ანუ ჰობსიანური პოლიტიკის ასპარეზად რჩება და ამას, საბოლოოდ, ევროპელებიც ეთანხმებიან და ამერიკელებიც. უთანხმოება ერაყის საკითხზე კერძო შემთხვევაა, რომლის განზოგადება სულაც არაა აუცილებელი: უკვე ნახსენებ მაგალითში, ევროპელებმაც განაგდეს კანტი და ყოვლად ჰობსიანურად დაუშინეს კადაფის ლიბიას.

საქართველო კანტიანური სამყაროს საზღვარზეა და ძალიან უნდა, მის შიგნით მოხვდეს. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ამ სამყაროში არსებობს შედარებით მყარი უსაფრთხოება (ცხადია, მხოლოდ შედარებით: აბსოლუტური ამ ქვეყნად არაფერია). სწორედ ამიტომ იყო, რომ „ჰობსიანელი" ბუშის მეგობარი მიშა ასე ძალიან ცდილობდა NATO-ში მოხვედრას. ძალიან კარგია, თუ მისი მემკვიდრეები და კრიტიკოსები რეალურად გააგრძელებენ მის პოლიტიკას. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს სამეზობლოში ჯერჯერობით უფრო ჰობსიანურად აზროვნებენ და ამას ჩვენ ვერ შევცვლით. თუ ვინმე იტყვის, რომ რუსების დადგმულ ახალ მავთულხლართებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს და მათ საპასუხოდ კანტის ტექსტები და ევროკავშირის წესდებები უნდა გავუგზავნოთ კარასინს ზურაბ აბაშიძის ხელით, ის კანტიანელი არაა. ის იდიოტია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები