ღარიბაშვილის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან

ღარიბაშვილი: გევორქიანის და შკრილნიკოვის გათავისუფლება შეცდომა იყო

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების - არმენ გევორქიანის და იური შკრილნიკოვის - პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლება შეცდომა იყო. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრაზე, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. წიკლაურმა პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა, გამოიძია თუ არა, რამდენად კანონიერად გაათავისუფლა ქართულმა ოცნებამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქეები პოლიტპატიმრების სიით და რამდენად უკანონოდ დააკავა ისინი წინა ხელისუფლებამ. ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლების წინააღმდეგ თავიდანვე იყო. 

"მე ამასთან დაკავშირებით, ადრეც წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ადამიანებიც შეიყვანეს პოლიტპატიმართა სიაში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიყვანეს ეს ადამიანები სიაში, სამწუხაროდ, კომისიამ მაშინ ჩათვალა, რომ ეს პირები იყვნენ პოლიტპატიმრები, რაც, ჩემი შეფასებით, იყო რეალურად დაშვებული შეცდომა", - თქვა პრემიერობის კანდიდატმა.

უმცირესობის წევრებმა მას შეახსენეს დადებული პირობა, რომ ამ საკითხს გამოიძიებდა. ღარიბაშვილის თქმით კი, გამოძიებას მაშინ დაიწყებდა, თუ რეალური დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთებოდა.

"არ გამოიკვეთა დანაშაული და რაზე დაგვეწყო?" - აღნიშნა ყოფილმა შს მინისტრმა და დასძინა, რომ "არაფერი არ არის გვიან" და ამ საკითხს მიუბრუნდება. 

კომენტარები