კრიმინალი

შსს-მ ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით 1974 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი რამაზ დ, 1984 წელს დაბადებული ლაშა ნ. და 1969 წელს დაბადებული ლუკა ჭ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე სამშენებლო კომპანიის დაყაჩაღების გეგმა შეიმუშავეს. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ლუკა ჭ-მ, რომელიც ჩინური სამშენებლო კომპანიის მძღოლად მუშაობდა, თანამზრახველებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიის სეიფში დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობის თანხა ინახებოდა და დეტალურად აუხსნა, როგორ შეიძლებოდა კომპანიის ოფისში შეღწევა.

შსს-ს განცხადებით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა რამაზ დ. და ლაშა ნ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი გეგმის განსახორციელებლად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მათი თანამზრახველი ლუკა ჭ. კი მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცავებმა დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, გლოკის სისტემის და ბერეტას სისტემის პისტოლეტების მაკეტები, 4 ნიღაბი, 8 ცალი სამედიცინო ხელთათმანი, 2 ხანჯალი და წებოვანი ლენტი ამოიღეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის, სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით.

კომენტარები