ფარული ჩანაწერები

ბოკერია: ფარული მოსმენების კვალი უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე მიდის

ხელისუფლების რეაქცია რუსთავი 2-ის მიერ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებაზე მოწმობს, რომ ფარული მოსმენების კვალი უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე მიდის, - ამის შესახებ 11 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი აზრით, ფარული მოსმენების შესახებ მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა გამოქვეყნებულმა მასალებმა ამ პრაქტიკის მასშტაბები დაადასტურა.

„ყველამ, ვინც მოვლენებს ოდნავ მაინც ადევნებს თვალყურს, დიდი ხანია იცის, რომ თვალთვალი მიმდინარეობს, პირველ რიგში, პოლიტიკურ ოპონენტებზე", - განაცხადა ბოკერიამ. მან ამის გახმაურებული მაგალითებიც დაასახელა - მოსასმენი აპარატურის დაყენების მცდელობა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ახალაიას საკანში ჩაწერილი საუბარი, გოგა ხაჩიძის „ექსპერიმენტი", ასევე ნაციონალური მოძრაობის აქცია ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ ხელისუფლებისთვის წინასწარ აღმოჩნდა ცნობილი.

„ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ცნობილი იყო, რომ მოსმენა მიმდინარეობს, გუშინდელმა მასალამ უბრალოდ დაადასტურა, რომ მასშტაბი ძალიან დიდია და უკანონო მიყურადება მიმდინარეობს პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივად მეტ-ნაკლებად აქტიურ ჯგუფზე. ხოლო ხელისუფლების, პირველ რიგში, პრემიერმინისტრის და პროკურატურის რეაქცია ადასტურებს, რომ ამ ქმედების კვალი მიდის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე და ეს არ იყო რომელიმე სპეცსამსახურის თვითნებობა. მათი რეაქცია ის იყო, რომ არც კი დაელოდნენ რაიმეს გარკვევას და გამოძიებას, პირდაპირ სრულიად აბსურდული ბრალდებებით ხელი გაიშვირეს სხვისკენ და დაიწყეს მუქარა მედიისა და ოპონენტების მიმართ", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ამ ვითარებაში, თუ საერთოდ შერჩა საპარლამენტო უმრავლესობის რომელიმე ნაწილს რაიმე პოლიტიკური პრინციპები ან საღი აზრი, ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს ამ სისტემის ფარგლებში, არის გაფართოებული საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელშიც შევლენ საზოგადოების ფართო სპექტრის, უფლებადაცვითი ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეს". თუმცა, ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, „ამ თვალსაზრისით, ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს".

კომენტარები