თადუმაძე: პრეზიდენტის ბრძანებულება წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, პრემიერმინისტრისთვის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა შეუძლებელია, როგორც სამართლებრივი, ასევე პროცედურული თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ ბრძანებულებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერს გადასცა. თადუმაძის განმარტებით, კონტრასიგნაციის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება წარმოდგენილია "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინადან საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას მთავრობას წარუდგენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

"2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას აკისრია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება. ეს ნიშნავს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის ჩანაცვლებას საპარლამენტო მმართველობის სისტემით, სადაც პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და ეს უფლება პრეზიდენტიდან პრემიერმინისტრზე გადადის. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისათვის და საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების დასადებად ესაჭიროება საქართველოს მთავრობის თანხმობა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტმა არ მიმართა მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ გააჩნია უფლებამოსილება მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, მით უმეტეს, აღნიშნული უფლებამოსილება, თუნდაც ერთჯერადად გადასცეს სხვა თანამდებობის პირს", -განაცხადა თადუმაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, რომ აღნიშნული სახის ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, თადუმაძის განცხადებით, ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 

"ასევე, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას.  მთავრობამ 22 მაისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერმინისტრი. ამასთან, კონტრასიგნაციის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება წარმოდგენილია "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინადან საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერმინისტრისთვის შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა შეუძლებელია როგორც სამართლებრივი, ისე პროცედურული თვალსაზრისით. "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრემიერმინისტრს უფლება აქვს განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება დამატებითი უფლებამოსილების გარეშე", -განაცხადა თადუმაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დავით პატარაიას თქმით კი, გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას ერთჯერადად პრემიერმინისტრს გადასცემს. მისივე თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია.

კომენტარები