ოკუპირებული ტერიტორიები

საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

kvira.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო, რის შედეგადაც გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება.

"2014 წლის 4 მაისს ირაკლი ცაავა მძიმე დიაგნოზით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლას ეცადა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა არ მისცეს მას საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

ზემოხსენებული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სავალალო მდგომარეობას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც ხშირ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა მანდატის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები