მალაიზიური ბოინგი

რუსეთმა მალაიზიურ ბოინგზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ვეტო დაადო

გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციას უკრაინაში მალაიზიური ბოინგის კატასტროფის გამოსაძიებლად საერთაშორისი ტრიბუნალის შექმნის შესახებ რუსეთმა ვეტო დაადო. ხმა ტრიბუნალის შექმნას საბჭოს 15 წევრიდან 11-მა მისცა, თავი ანგოლამ, ვენესუელამ და ჩინეთმა შეიკავეს. რუსეთის წარმომადგენლის განმარტებით, შემოთავაზებული რეზოლუცია კატასტროფის სრულ გამოძიებას ხელს არ შეუწყობს. აღშფოთება რუსეთის პოზიციით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გამოხატა. სამანტა პაუერის განცხადებით, ვაშინგტონი აღშფოთებული და იმედგაცრუებულია, მაგრამ, მისი თქმით, რუსეთის ვეტო დამნაშავეთა დასჯას ხელს ვერ შეუშლის.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, გაეროსთან დამოუკიდებელი ორგანო უნდა შექმნილიყო, რომლის შემადგენლობაში მოსამართლეებიც შევიდოდნენ. მათი გადაწყვეტილება კი ნებისმიერი ქვეყნის იურისდიქციაზე მაღლა უნდა დამდგარიყო. ტრიბუნალის ამოცანა დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა უნდა ყოფილიყო. დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ვეტოს შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ ალტერნატიულ გზები უნდა იპოვოს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.

2014 წლის 17 ივლისს დონეცკის მახლობლად მალაიზიური ლაინერის ჩამოგდების შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, გამოძიების ვერსიით, თვითმფრინავი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბუკის ტიპის სარაკეტო დანადგარის გამოყენებით ჩამოაგდეს.

 

კომენტარები