მერია: სოციალურად დაუცველებისთვის დენის გაზრდილი ხარჯის სუბსიდირება მოხდება

ტაბულა

თბილისში დენის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი დანახარჯის სუბსიდირება მოხდება.

"როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით.

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გადასახადი მოსახლეობისათვის თითქმის გათანაბრდა და თბილისის მერია მზად არის შესაბამისი ზომების გასატარებლად.

იმისთვის, რათა ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვეთ, მათთვის განხორციელდება ელექტროენერგიის გაზრდილი დანახარჯის სუბსიდირება", - თქვა ლექვინაძემ.

სემეკმა თბილისის ენერგოგამანაწილებლის, თელასის მოთხოვნა ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. თბილისში დენის სამი განსხვავებული ტარიფი მოქმედებს - პირველი კატეგორიის მომხმარებლებს ანუ მათ, ვინც თვეში 101 კილოვატ საათამდე ენერგიას მოიხმარს, დენის ღირებულება დღგ-ის გარეშე 2.96 თეთრით გაეზარდა (დღგ-ის ჩათვლით 3.5) და 12.98 თეთრი გახდა. მეორე კატეგორიის მომხმარებლებს ანუ მათ, ვინც თვეში 101-301 კილოვატ საათ ენერგიას მოიხმარს, დენის ღირებულება 3.8 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით 4.53) გაეზარდათ და მისი ღირებულება 17 თეთრამდე გაიზარდა. მესამე კატეგორიის მომხმარებლები ანუ ისინი, ვინც 301 კილოვატ საათზე მეტ ენერგიას მოიხმარენ, კილოვატ საათში ახლა დღგ-ის გარეშე 3.2 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით 3.79) მეტს - 21 თეთრს გადაიხდიან. სემეკის გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევა.

დენის ტარიფის ზრდის მოთხოვნით თელასმა სემეკს 23 ივლისს მიმართა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ტარიფის ზრდა ლარის გაუფასურებას უკავშირდება. 

ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების განახევრება იყო, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ დენის ღირებულება დაახლოებით სამი თეთრით შემცირდა. 

კომენტარები