საქართველოს პრეზიდენტი

წლის მიღწევა - დაახლოება NATO-სთან

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის 2011 წლის საგარეოპოლიტიკური მიღწევები შეაფასა. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ურთიერთობას საქართველოსა და NATO-ს შორის.

 "ამ მხრივ, ძალიან საყურადღებო იყო NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა მისი მხრიდან. საყურადღებო იყო NATO-საქართველოს კომისიის სხდომა და ის მოსაზრებებო, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოსაა NATO-ში გაწევრიანებასთან, ვიდრე გასული წლების განმავლობაში. ასევე გრძელდება ISAF (ავღანეთის მისიის) ფარგლებში თანამშრომლობა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

 მან ასევე ხაზი გაუსვა ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის - სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

 მანჯგალაძემ ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ რამდენიმე ვიზიტზე და თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ისტორიული უწოდა.

 "ვფიქრობ ცალკე უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაახლოების კუთხით. მე შეგახსენებთ, რომ 2011 წელი იყო გამორჩეული იმითაც, რომ პირველად დაიწყო საუბარი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საყურადღებო იყო რეზოლუციაც რომლითაც ევროკავშირის ქვეყნებმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია აღიარა რუსეთის მხრიდან. არაერთმა სახელმწიფომ და პარლამენტმა ოკუპაციის აღიარების სერიას დაუდო სათავე. ასევე გამოვყოფდი აშშ-ს სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც და საყურადღებო იყო პოლონეთის პრემიერის შეფასებები საქართველოს თაობაზე. გარდა ამისა, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან", - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, გამორჩეული იყო 2011 წელი საქართველოსთვის მეზობლებთან დაახლოების კუთხითაც. მანჯგალაძის განმარტებით, მიმდინარე წელს კიდევ უფრო განმტკიცდა ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან.

 

კომენტარები