კონფლიქტები

თბილისმა და ცხინვალმა დაკავებულები გაცვალეს

თბილისმა და ცხინვალმა დღეს  თითოეული მხრიდან 13-13 დაკავებული გაცვალეს. ამის თაობაზე შეთანხმება გასულ კვირას დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული.

 ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი მიესალმა გაცვლის ფაქტს, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო წლების მანძილზე. 2011 წლის თებერვალში თბილისმა და ცხინვალმა შვიდ–შვიდი დაკავებული გაცვალეს.

 „დაკავებულთა დღევანდელი გაცვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნდობის აღდგენისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მიმართულებით“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „მივესალმები ხელისუფლებების კონსტრუქციულ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მიდგომას, რასაც შედეგად ეს გაცვლა მოყვა“.

 მისი თქმით, დაკავებულთა გაცვლა, რომელიც ეუთოს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მხარდაჭერილი მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, იმის მაგალითია, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი „მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ადგილზე საკითხების მოსაგვარებლად“.

 „მოვუწოდებ მხარეებს, სრულფასოვნად გამოიყენონ ეს მექანიზმი იმ გამოწვევების შემდგომი მოგვარებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეებზე და მათ საარსებო წყაროებზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა აუდრონიუს აჟუბალისმა.

კომენტარები