რესპუბლიკელები

დავა რესპუბლიკურ პარტიასა და კონტროლის პალატას შორის

”რესპუბლიკური პარტია არ და ვერ წარმოგიდგენთ მოთხოვნილ ინფორმაციას” - ასე  უპასუხა ”რესპუბლიკურმა პარტიამ” კონტროლის პალატის მოთხოვნას- წარადგინოს ინფორმაცია ”რესპუბლიკური ინსტიტუტის” 2011 წლის ანგარიშბრუნვის თაობაზე .

 ”თქვენ შეგიძლიათ მოგვთხოვოთ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით, რასაც შეუფერხებლად მიიღებთ,” - აღნიშნეს ”რესპუბლიკურ პარტიაში.”

საპასუხოდ, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ  განაცხადა, რომ ”რესპუბლიკურმა პარტიამ” დაუსაბუთებელი უარი განაცხადა მასთან ასოცირებული იურიდიული პირის- "რესპუბლიკური ინსტიტუტის"- ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენაზე. ამასთან, მოგელაძემ განმარტა, რომ თავად "რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" კონტროლის პალატის” მოთხოვნა დააკამყოფილა.

ამასთან,  ”რესპუბლიკური ინსტიტუტმა ” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოწირული თანხით, სხვა და სხვა უცხოურ ფონდებთან ერთად, გეგმავდა შემდეგი პროექტების განვითარებას: ლიბერალური საღამოები, დემოკრატიის სკოლა, ლიბერალური ჟურნალისტიკა და ა.შ

 ”სამწუხაროდ, ქართველ კანონმდებელთა მიერ მიღებულმა აბსურდულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, შეუძლებელი გახადა ამ ფინანსური რესურსით ზემოხსენებული პროექტების განხორციელებულიყო იმ ტემპით და იმ რეჟიმში, როგორც ეს ”რესპუბლიკურ ინსტიტუტს” წარმოედგინა. იმისთვის, რომ თავიდან აგვერიდებინა სახელმწიფოსგან ამ თანხების მიტაცება, შეზღუდულ დროში გავწიეთ ხარჯები, რაც  ასახულია ანგარიშბრუნვის დოკუმენტებში. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ მაინც შევქმენით ძირითადი პროექტების განხორციელების პოტენციალი. განხორციელებული პროექტების ანგარიშს აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.”- აღნიშნულია ”რესპუბლიკური ინსტიტუტის” განცხადებაში.  მას თან ერთვის ანგარიშბრუნვის ფაქტურა , რაც   ასახავს გასული წლის ბოლოს  ”სახელმწიფოსგან ამ თანხმების მიტაცების” თავიდან ასარიდებლად რა ხარჯები გაწია  ”რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა”. მაგალითად, გასული წლის 28 დეკემბერს ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ 70 000 ლარად შეიძინა  მიკროავტობუსი ტოიოტა, ასევე 21 000 ლარის ღირებულების საწვავი. ინსტიტუტების თანამშრომლების ხელფასი კი  ამავე თვეში საშუალოდ 10-ჯერ გაიზარდა.

 შეგახსენებთ , რომ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონს არ მინიჭებია უკუგების ძალა . 2011 წლის 30 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განმარტა : ” კანონს უკუქმედების ძალა არ გააჩნია, მათ შორის არც კონკრეტულად იმ პარტიებთან მიმართებაში, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი. თუ სხვა ტიპის დარღვევა არ იქნება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ჩვენი ახლად გამდიდრებული კოლეგები ახალ წელს ისევ მილიონერების რანგში შეხვდებიან.”

 ”რესპუბლიკური პარტიის”  ვებსაიტზე, ორგანიზაციული სტრუქტურის განყოფილებაში,  ”რესპუბლიკური ინსტიტუტი” პარტიასთან ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზაციად არის ნახსენები. აქედან გამომდინარე,  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის შესაბამისად,  კონტროლის პალატამ მას, როგორც ”პარტიასთან დაკავშირებულ” იურიდიულ პირს მოსთხოვა ფინანსური ანგარიში. მოთხოვნა გააპროტესტა ინტიტუტის წარმომადგენელმა ლევან ბეძენიშვილმა. მან  განმარტა, რომ ”რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიზანი არის სასწავლო, კვლევითი, შემოქმედებითი და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური .

 

კომენტარები