სასამართლო პროცესი

დავით გამყრელიძე მზადაა თავდებში ჩაუდგეს ვალერი გელბახიანს

ვალერი გელბახიანის დაკავების ფაქტს " ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სურს თავისი გუნდის სახელით გამოთქვას სურვილი და მზაობა თავდებში ჩაუდგეს გელბახიანს.

გამყრელიძის თქმით, "მემარჯვენეები" მოითხოვენ, ვალერი გელბახიანს პატიმრობა, შიდა პატიმრობით შეეცვალოს. ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერის აზრით, ბრალი რომელიც თავის დროზე წაუყენეს გელბახიანს და მასთან ერთად მარინა გაბუნიას, იყო აბსურდული. დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით მარინა გაბუნია თავისუფალია და პატიმრობაში არ იმყოფება.

ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი სამართალდამცველებმა ახლახან, სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს, ის მიმალვაში იყო 2007 წლის დეკემბრიდან. 2008 წლის დასაწყისში, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს ყოფილ ხელმძღვანელს, ვალერი გელბახიანს, დაუსწრებლად მიუსაჯეს 2 თვიანი პატიმრობა. გამოძიებამ მას სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში დასდო ბრალი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი გელბახიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს , გავრცელებული ცნობებით, სასამართლოში უკვე გამოცხადდა დაკავებულის ადვოკატი და ბრალდების მხარე. სხდომაზე იმყოფებიან, ასევე, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლები, პარტია გელბახიანს თავდებში უდგება.

 

კომენტარები