პრეზიდენტის წლიური მიმართვა

სააკაშვილი: მოდერნიზაციის გზა-ერთადერთი მარშრუტი მომავლისკენ

პრეზიდენტმა  პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, თავის   ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში მთავარი აქცენტები  შემდეგ საკითხებზე დასვა: უმუშევრობა და დასაქმების ამოცანა, პროფესიული გადამზადება, განათლება, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა, ჯანდაცვის რეფორმა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ტურიზმის შემდგომი განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, გამჭირვალე და  სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მუშაობა ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასაწევად.

 "არასდროს ჩავიმუხლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, არასოდეს შევეგუებით, რომ იმპერია გვიზღუდავდეს თავისუფალ არჩევანს, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ სვლას დასავლეთისკენ. ეს არჩევანი ჩვენი ეროვნული კონსენსუსია.“-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას და დასძინა:“ ჩვენ მჭიდრო კავშირს ვკრავთ დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს დაინტერესებულნი ვართ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაშიც. ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი იყო და არის საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობობს ჩვენს წადილს დავამყაროთ მასთან მშვიდობა, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს.“

 ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტმა განსაკუთრებით ვრცლად დასაქმების პრობლემაზე და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ამოცანაზე ისაუბრა, საერთო ჯამში კი რამდენიმე ახალი ინიციატივით გამოვიდა.

 უმუშევრობის დაძლევას მიხეილ სააკაშვილმა მთავარი ამოცანა უწოდა და აღნიშნა, რომ ყოველი მილიონი ტურისტი 15 000 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის, რომ ტურიზმის განვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება თავისთავად ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პრეზიდენტმა განმარტა ისიც, რომ მიმდინარე წელს 10 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყება, რაც ჯამში 13 000 სამუშაო ადგილს შექმნის, მაგრამ  ხაზი გაუსვა, რომ დასაქმების პრობლემის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური კადრების მომზადება , უნარები და განათლება.  ამიტომ,  საქართველოს მთავრობა იწყებს პროფესიული გადამზადების სისტემის რეფორმას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2012 წელს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება, ამას გარდა მოქალაქე, რომელსაც ექნება სურვილი კერძო თუ სახელმწიფო სასწავლებელში დაეუფლოს ახალ პროფესიას, სახელმწიფოსგან მიიღებს 1000 ლარიან ვაუჩერს. ამასთან ,საქართველოს 20 ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანი გაივლის უფასო ტრეინინგებს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ -ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წელს საქართველოში 23 ახალი სკოლა აშენდება, 600-ამდე სკოლა კი გარემონტდება. მისი თქმით, წელსვე სკოლებში დამატებით შევა 11 000 ახალი კომპიუტერი, 100 სკოლაში გაიხსნება „მომავლის კლასები“, გაიხსნება ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიები.

 პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების უმთავრესი მოვალეობაა წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოება, „ამისთვის კი უპირველესი რესურსი დამუშავებული და მორწყული მიწაა,“- დასძინა მან. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით განხორციელდეს ერთიანი საირიგაციო სისტემის განვითარების პროგრამა. პრეზიდენტის გეგმაა გაიხსნას მექანიზაციის ცენტრები და 1 ივნისამდე ეს ცენტრები აღიჭურვოს ტრაქტორებით, კომბაინებით, სპეცტექნიკით. პრეზიდენტის დაპირებით ეს ტექნიკა იქნება ხელმისაწვდომი დაინტერესებული ფერმერებისთვის.

 მიხეილ სააკაშვილი გამოსვლის კიდევ ერთი მთავარი მიმართულება იყო ჯანდაცვა. ამ მიმრთულებით აღინიშნა, რომ საქართველოში შენდება თანამედროვე საავადმყოფოები, მაგრამ მთავარი ამოცანაა გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, ვისთვისაც ჯანდაცვა ხელმისაწვდომია. სააკაშვილის თქმით, 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მეორე მოქალაქე ანუ დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი, თუ ადრე პენსიონერი ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული რესურსით სარგებლობდა, სადაზღვეო პაკეტით მას 12 000 ლარამდე გაეზრდება დაზღვევის ლიმიტი.

 პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით 2013 წლიდან თითოეულმა ოჯახმა ყოველ მესამე ბავშვზე სახელმწიფოსგან მიიღოს დახმარება 1000 ლარი, ხოლო შემდეგი ბავშვის დაბადებისას 2000 ლარი. თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ილაპარაკა ბავშვთა დაზღვევაზეც, აღნიშნა, რომ სექტემბრიდან ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული. ახსენა ჰეპატიტით დაავადებულთათვის დახმარების გაწევის გეგმაც. კიდევ ერთი ინიციტივა შეეხებოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობასა და რეაბილიტაციას. „შემოვდივარ ინიციატივით, თანხების ნაწილი რაც ნარკოდამნაშავეებზე დაკისრებული ჯარიმებიდან შემოდის, ისევ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას მოვახმაროთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ წელს, საპარლამენტო არჩევნების წელს, მისი, როგორც პრეზიდენტის მიზანია საქართველოში ჩატარდეს „ყველაზე გამჭირვალე, ყველაზე თავისუფალი არჩევნები" იმ არჩევნებს შორის, რაც აქამდე ჩატარებულა.

სააკაშვილმა შესთავაზა პოლიტიკურ მოთამაშეებს შეთანხმება სამართლიანი თამაშის წესებზე, შეთანხმება იმაზე, რომ პარტიები იმოქმედებენ ცივილური პრინციპების ფარგლებში და მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

 პრეზიდენტმა აღნიშნა აქამდე გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ: პარტიების დაფინანსების გაზრდა იმისთვის, რომ "ისინი არ იყვნენ დამოკიდებულნი სპეციალურ ინტერესებზე“, ახსენა სპეციალური კანონის მიღება" ტელევიზიების მესაკუთრეთა საკითხის გამჭირვალეობისთვის", ხაზი გაუსვა გატარებულ ზომებს უმცირესობების უფლებების დაცვისთვის, აგრეთვე  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებას და თქვა, რომ ეს ინსტიტუტი ეტაპობრივად გაფართოვდება.

 საანგარიშო მოხსენებაში გამახვილდა ყურადღება უსაფრთხოების საკითხზე და ამისთვის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მნიშვნელობაზე. რაც შეეხება რუსეთს , როგორც უკვე აღინიშნა პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით, ოღონდ რუსეთთან, რომელიც აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ცივილურ ნორმებს. პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით საქართველომ ცალმხრივად გააუქმოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. „ დაე ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ მისთვის საქართველო ისეთივე მიმზიდველი ქვეყანაა ბიზნესის წარმოებისთვის, როგორც სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.“- აღნიშნა მან.

შემდეგ ჯერზე პარლამენტის ტრიბუნიდან ქუთაისში მოგმართავთ- უთხრა სააკაშვილმა დეპუტატებს. მისი  სიტყვებით , "მოდერნიზაციის გზა არის საშუალება  უფრო და უფრო მეტი ქართველი გახდეს საქართველოს წარმატების მონაწილე. "  

"ამ გზაზე ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ, ეს გზა  ჩვენი ერთადერთი მარშრუტია მომავლისკენ,  იგი დიდი ხანია აირჩია ქართველმა ერმა და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადაგვახვევინებს."-   ამ სიტყვებით დაასრულა  გამოსვლა   პრეზიდენტმა, რის შემდეგაც  დაიწყო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებისა და  ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლები. 

 

კომენტარები