პრეზიდენტის წლიური მიმართვა

პრეზიდენტი ქართულ ოცნებას რამდენიმე საკითხზე თანამშრომლობას სთავაზობს

„მე აქ განსხვავებული შეხედულებების ხაზგასასმელად არ მოვსულვარ, რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ჩვენ შორის განსხვავება, მე აქ მოვედი იმის ხაზგასასმელად, რამაც უნდა გაგვაერთიანოს საქართველოს მოქალაქეები და ის ადამიანები, რომლებმაც ვალდებულება იკისრეს წარმოადგინონ ქართველი ხალხი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას თავისი მიმართვა გააცნო.

პრეზიდენტმა საქართველოს განვითარების გზასა და ისტორიული წარსულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ისეთი რაღაცების მომსწრენი გავხდით, რაც შორეული მირაჟი იყო. ჩვენი საყვარელი საქართველოს აღორძინების, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყნისა, რომელიც დაადგა გზას ევროპული ოჯახისკენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უკვე აქვს თავისუფლება მიჰყვეს საკუთარ კურსს და თავად აირჩიოს ალიანსები, სადაც გაწევრიანება სურს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ქვეყანაში თავისუფლად ირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებსაც ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება ეკისრებათ.

პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე გამოსასვლელ სიტყვაში დეპუტატებს ის ვალდებულები შეახსენა, რაც ხალხის მიერ არჩეულ საჯარო მოხელეს ეკისრება.

„ეს არის ყველაზე ღრმა ვალდებულება, რომელიც საჯარო მოხელეს შეიძლება ჰქონდეს ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ ყველას გვაქვს ეს ვალდებულება, რომ, ნება მოგვეცით, ვიყოთ ჩვენი ხალხის საპატიო მსახურები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 „პარლამენტში კოჰაბიტაციისა და თანამშრომლობის წინადადებით ვაპირებდი გამოსვლას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას. თუმცა, ის მუქარის წინაშე კაპიტულაციის წინააღმდეგია. „მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვან დროს მსოფლიოს მთავარი შანტაჟისტის არ შეშინებია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ქართულ ოცნებას რამდენიმე საკითხზე თანამშრომლობას სთავაზობს. მას მიაჩნია, რომ განსხვავებების მიუხედავად, პოლიტიკურ ძალებს ნაციონალური იდეები უნდა აერთიანებდეს.

„საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს, რომელსაც ევროატლანტიკური ვექტორი და ვალდებულება ექნება; საქართველო კონსტიტუციური დემოკრატია უნდა იყოს, სადაც პოლიტიკური ლიდერები ინსტიტუტებს დაემორჩილებიან და პარტიას მასზე მაღლა არ დააყენებენ; საქართველო ცივილიზებული ქვეყანა უნდა იყოს, სადაც მოქალაქეებს კრიმინალებისა და კორუმპირებული თანამდებობის პირების შიში არ ექნებათ; საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად იცხოვრებს, შრომა წარმატების მიღწევის საშუალება გახდება“, - აცხადებს პრეზიდენტი. მისი თქმით, თუ პოლიტიკური ძალები ამ იდეების ერთგულნი დარჩებიან, მათ მაინც ბევრი განსხვავება და სადავო საკითხი დარჩებათ, რაც ბუნებრივი პროცესია.

სააკაშვილი დეოკუპაციის და საგარეო კურსის საკითხების კონსტიტუციის რანგში აყვანის ინიციატივით გამოდის. გარდა ამისა, ის ქართულ ოცნებას უშიშროების საბჭოს ფორმატში შეხვედრების გამართვის და ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარების წინადადებით მიმართავს.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ბევრისთვის ძნელია ამის აღიარება, მაგრამ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ საქართველო კოჰაბიტაციის პერიოდში შევიდა. „ნება მიბოძეთ, კოჰაბიტაცია გასაგებ ქართულ ენაზე გადმოვთარგმნო. მიხვდებით, რომ ჩვენი ერისთვის ეს ძალიან კარგად ნაცნობი და ძველი ტერმინია. კოჰაბიტაცია ქართულად თანაცხოვრებას ნიშნავს. ვიცი, რომ უმრავლესობის ბევრი წევრი პარლამენტში ჩემს მისვლას და საერთოდ, ჩემს არსებობას აპროტესტებდა. თუმცა, მინისტრთა კაბინეტის მიმართ კითხვები მეც მიჩნდება. ბევრ მათგანს მინისტრად არ დავნიშნავდი და კომიტეტების თავმჯდომარეებად არ ავირჩევდი. გულწრფელად მიკვირს, ზოგიერთი მათგანი საერთოდ დეპუტატად როგორ აირჩიეს, - თქვა პრეზიდენტმა და განაგრძო, - დემოკრატიის მთავარი ხიბლი ის არის, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტი საერთოდ არ არის, კომიტეტის თავმჯდომარე ვინ იქნება. ხოლო მათი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი ვინ იქნება. ეს კონსტიტუციის ვალდებულებაა, რომელსაც პატივი ყველამ ერთად უნდა სცეს“.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუცია დღევანდელ პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს არ ავალდებულებს, რომ ერთნაირი ფასეულობები გაიზიარონ. თუმცა, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური პროექტების გარშემო თანამშრომლობა აუცილებელია. მისი თქმით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა. „ქუჩებში სირბილის მიუხედავად, ხელისუფლების ეს გადაცემა რევოლუცია არ ყოფილა. თუ ეს ყველას ესმის, ისიც უნდა იცოდნენ, რომ პარლამენტის დარბაზში შურისძიების ადგილი არ არის“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები