პრეზიდენტის წლიური მიმართვა

პრეზიდენტს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ ექნება

დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს მიმართა, დანიშნოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი.
„ჩვენი ვალია, რომ ქართველი ხალხის არჩევანს პატივი ვცეთ, რომელმაც ოთხი წლის ვადით აგვირჩია და რომელმაც პრეზიდენტი ცხრა წლის წინ აირჩია. გიდასტურებთ ჩემს სიტყვებს, რომელიც თქვენთან შეხვედრაზე გავაკეთე, რომ ამ შენობიდან გააკეთოთ თქვენი მიმართვა, პარლამენტის ტრიბუნიდან და ეს უფლება თქვენთვის არავის წაურთმევია. 8 თებერვალს, თქვენი გამოსვლა გადავდეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა თქვენი ცარიელ დარბაზში გამოსვლა - ეს არ გვინდოდა. შანსი გაგვიჩნდა საკითხები მოგვეგვარებინა და თქვენ მიგემართათ პარლამენტისთვის და არა ცარიელი კედლებისთვის. პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ გექნებათ, თუმცა, თქვენი გამოსვლა იქნება ცარიელ კედლებში თუ პარლამენტში, ეს დამოკიდებულია თქვენს გადაწყვეტილებაზე - მზად ხართ თუ არა პარლამენტს დაუბრუნოთ საკუთარი უფლებამოსილება. რაც უფრო მალე გაცხადდება თქვენი მზაობა, მით უფრო მალე გამოხვალთ პარლამენტში. ეს იმას კი არ განსაზღვრავს, პარლამენტში გამოხვალთ თუ არა, არამედ იმას, ცარიელ დარბაზში გამოხვალთ თუ პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, დიალოგზე უარის თქმად აფასებს. 
ქვეყნის პირველი პირის აღნიშნული პოზიცია მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.
„გვინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა - დავიცვათ კონსტიტუცია და გავმართოთ დიალოგი საქართველოს პარლამენტში. დიალოგი არის საუბარი მხარეებს შორის. პრეზიდენტს სურს თავადაც ისაუბროს და მოისმინოს პარლამენტის წევრთა მოსაზრებები და მათი საპასუხო არგუმენტები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, თუ პრეზიდენტს არ ეძლევა სიტყვით გამოსვლის საშუალება, თუ პარლამენტს საუბარი არ სურს, როგორ შედგება დიალოგი. პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიღმა, სამწუხაროდ, იკითხება ერთადერთი რამ - უარი დიალოგს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას 8 თებერვალს გეგმავდა. თუმცა, 7 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტა ქვეყნის პირეველი პირის გამოსვლა გადაედო. სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკიდან  აპირებდა მოსახლეობისთვის წლიური ანგარიშის ჩაბარებას, თუმცა ძალადობრივი ინციდენტის გამო, მან ხალხ  პრეზიდენტის რეზიდენციიდან მიმართა

კომენტარები