პრეზიდენტის წლიური მიმართვა

პრეზიდენტმა ბაღათურიას კლოუნი უწოდა, ცაგარეიშვილს კი 'გაიშნიკი'

ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტში  მიმდინარე პოლიტიკური დებატებისას, პრეზიდენტს  მის მიერ 2004 წელს შედგენილ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ჩანაწერები წაუკითხა, იმის შესახსენებლად რა ქონების პატრონი იყო. "სულ ეს არის, სხვა არანაირ ბიზნესს და შემოსავლის წყაროს არ ფლობდით არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრები", – მიმართა „ქართული დასის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილს.  მან თქვა, რომ პრეზიდენტის მამა ერთი ჩვეულებრივი, კვალიფიციური ექიმი იყო, ხოლო დედა, ასევე ჩვეულებრივი მეცნიერ- მუშაკი, სააკაშვილის ძმებიც არანაირ ბიზნესს ან სხვა ტიპის შემოსავალს არ ფლობდნენ,  დღეს კი, "სააკაშვილი უმდიდრესი ადამიანია." " თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი. ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესს უმაღლესი განათლების სფეროში.“-მიმართა ბაღათურიამ პრეზიდენტს. მან მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა ეკლესიასთან ბრძოლაში, ყველაფერ ქართულთან ბრძოლაში(  ქართულთან ბრძოლაში ბაღათურიამ  იგულისხმა  ოშკის და იშნის გადარჩენისთვის  საქართელოში 2 მეჩეთის აღდგენაზე მოლაპარაკებებიც.) პრეზიდენტმა  ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ბაღათურიას  კლოუნი უწოდა, თან განმარტა, რომ მისი მამა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი კი არა დირექტორია და დასძინა: „ ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, ბატონო ჯონდი, ბალნეოლოგიურ კურორტზე  სიამოვნებით შემოგთავაზებენ  ხარისხიანი ტალიხის აბაზანას.“

 ბაღათურიამდე, პარლამენტის ტრიბუნიდან გია ცაგარეიშვილმა ისაუბრა. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრმა ცაგარეიშვილმა პრეზიდენტის რეალობაში დაბრუნება , მისი მტკიცებით, ხელისუფლებაში ყოფნისას გამდიდრებული მინისტრების სახლების ფოტოების წარმოდგენით სცადა.  დეპუტატმა განმარტა, რომ ხელთ ჰქონდა ვანო მერაბიშვილის, კოტე კუბლაშვილის და ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლების ფოტოები და ისინი პრეზიდენტს გადასცა. მოგვიანებით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ცაგარეიშვილის მიერ პარლამენტში მიტანილი ფოტოები არარეალური იყო იმ ნიშნით, რომ ისინი არ ეკუთვნის  დასახელებულ პირებს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა გამოსვლების დროს გააკეთა რეპლიკა, რომ მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ბოლო წლებში გაუმჯობესდა ზუსტად ისე, რამდენადავ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი.

 პრეზიდენტის განცხადებით, მის მთავრობაში ადამიანები მდიდრები არიან იმით, რომ მონაწილეობენ ქვეყნის აღმშენებელობაში. „ვანო მერაბიშვილი ისეთივე გაღლეტილია როგორიც იყო, ზურაბ ადეიშვილის მამა ისეთივე სახლში ცხოვრობს, როგორშიც ადრე ცხოვრობდა.“-აღნიშნა  მიხეილ სააკაშვილმა.  გია ცაგარეიშვილს მან „გაიშნიკი“ უწოდა და ოპონენტების მისამართოთ თქვა: „მათთვის ქართული ტრადიცი იყო მექრთამეობა. მათი ტრადიცია იყო ბნელი საპასპორტო ოთახები იუსტიციის სახლების ნაცვლად. მათთვის ქართული ტრადიცია იყო "პრავის" აღებაზე მრავალთვიანი სისტემა და ყველაფერი ჩაწყობით,  ფულით . მათთვის ქართული ტრადიცია იყო, რომ თუ როდესმე მთავრობაში მოხვდებოდი, მართლა ყველა ოქროს საბადო შენი უნდა ყოფილიყო. ეს არის მათთვის ქართული ტრადიცია."

დებატები დიდხანს გაგრძელდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტს მიმართეს უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებმა.  დასკვნით სიტყვაში სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა  გამართული დისკუსიით."  მიუხედავად  ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ გამომსვლელთა ნაწილს  არ ვეთანხმები,  წამოწეულ საკითხებს შორის პროცენტულად მაღალი იყო ის საკითხები, რაც მოსახლეობას აინტერესებს."- აღნიშნა მან და  დასძინა: "მიუხედავად იმისა ვინ როგორ ხედავს ამა თუ იმ პოლიტიკოსის მომავალს, მათ შორის ჩემს მომავალს,  ქართველი ხალხი უნდა დარჩეს გამარჯვებული. ჩვენ ყველანი დროებითი ვართ.  ვინც არასდროს არ ჩანაცვლდება არის მრავალეთნიკური ქართველი  ერი და ჩვენ უნდა გამოვიდეთ მისი ინტერესებიდან."

 

კომენტარები