ტრანსანატოლიური გაზსადენი

ახალი გაზსადენი ევროპის გზაზე

კასპიურ გაზს ევროპამდე მისასვლელად ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა – ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP). ახალი პროექტის მიმართ ერთდროულად იზრდება, როგორც აზერბაიჯანში თავმოყრილი გაზის მწარმოებლების, ისე ტრანზიტული კომპანიების და ევროპელი იმპორტიორების ინტერესი. ყველა მოთამაშეს პროექტის მთავარ ინვესტორთან – აზერბაიჯანთან მოუწევს შეთანხმება.

გაზსადენი საქართველო-თურქეთის საზღვართან აიღებს სათავეს და თურქეთ-ბულგარეთის საზღვრამდე გაგრძელდება. იქ მას შეუერთდება სხვა მილსადენი, რომლის მეშვეობითაც გაზი ცენტრალურ ევროპამდე, ან იტალიამდე მიაღწევს.

დამხმარე მილსადენისთვის ცენტრალურ ევროპაში უკვე გამოჩნდა სამი კონკურენტი: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მილსადენი (SEEP) აზერბაიჯანს კასპიური გაზის ვენამდე მიტანას სთავაზობს. ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP) კასპიური გაზის საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიის ნახევარკუნძულამდე ტრანსპორტირების პირობას დებს. არსებობს კასპიური გაზის ტრანსპორტირების კიდევ ერთი გზა – Nabucco-ს შეკვეცილი ვარიანტი: თურქეთ-ბულგარეთის საზღვრიდან ვენამდე. ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანისთვის სწორედ ეს მარშრუტი იქნება ყველაზე მომგებიანი.

Nabucco-ს მილსადენის ახალი კონფიგურაცია (Nabucco-West) ყველა იმ ქვეყანას გაივლის, რომლებიც რუსეთის გაზის გიგანტზე – Gazprom-ზე – ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული: ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ავსტრიას და გერმანიას. ამ ქვეყნებისთვის კასპიური გაზის მარაგებზე წვდომა მხოლოდ სავაჭრო ან ტრანზიტული ინტერესის საგანი არ არის – მათ თავიანთი ენერგოსექტორის დივერსიფიცირების რეალური შანსი უჩნდებათ. ბულგარეთმა, მაგალითად, Nabucco-West-ს ეროვნული პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა. ეს სტატუსი ქვეყანას შესაძლებლობას უქმნის, Nabucco-West-ის ბულგარული მონაკვეთის მშენებლობაზე ნებართვები და ლიცენზიები გამარტივებული წესით გასცეს. გეგმის მიხედვით, საბოლოოდ სწორედ ეს ნაწილი დააკავშირებს ტრანსანატოლიურ მილსადენს ცენტრალურ ევროპამდე.

Nabucco-ს მილსადენის ახალი კონფიგურაცია ყველაზე მიმზიდველ ვარიანტად კიდევ რამდენიმე ფაქტორის გამო შეიძლება ჩაითვალოს: ჯერ ერთი, Nabucco-ს ქვეყნებს შორის უკვე არსებობს მთავრობათაშორისი შეთანხმებები, ასევე ჰარმონიზებული ევროპული საკანონმდებლო და რეგულირების რეჟიმი. Nabucco-ს ქვეყნების გაზის ქსელები თითქმის ბოლომდეა ურთიერთდაკავშირებული, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გაზის ტრანსპორტირებას. ევროკავშირი ამ ქვეყნებში Gazprom-ზე დამოკიდებულების შემცირებას მთლიანად მხარს უჭერს. შესაბამისად, ენერგოდივერსიფიკაციის მაღალი საჭიროების გამო, იქ აზერბაიჯანულ გაზზე ყველაზე დიდი საბაზრო მოთხოვნაა.

ევროპის მხრიდან ენერგოდივერსიფიკაციაზე და, შესაბამისად, კასპიურ გაზზე მოთხოვნა თითქმის ათწლეულია უკვე არსებობს. ტრანსანატოლიურ მილსადენს სხვა მსგავს პროექტებთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ ამ პროექტში ჩართული მთავარი ქვეყანა – აზერბაიჯანი – თავად არის მოტივირებული პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ჯერ ერთი, აზერბაიჯანს გაზის საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ამ პროექტის მთავარი ინვესტორი გახდეს. მეორეც, აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესში შედის, რომ მსოფლიო ბაზარზე გაზის ექსპორტიორის პოზიციები გაიმყაროს. ამ კუთხით ევროპასთან ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

პროექტის მთავარი დოკუმენტის, აზერბაიჯან-თურქეთის მთავრობათაშორისი ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ტრანსანატოლიური მილსადენის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ასევე მთავარი ინვესტორი და მილსადენის ოპერატორი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია იქნება. მას 80%-იანი წილი ეკუთვნის, თურქეთის მილსადენების სახელმწიფო კომპანია – Botas-ი და ნავთობკომპანია – Turkish Petroleum-ი კი10-10%-ს ფლობენ.

სხვადასხვა გათვლებით, TANAP-ის მშენებლობა 5-დან 6 მილიარდ აშშ დოლარამდე დაჯდება. მშენებლობის ხარჯის დიდი ნაწილის დაფარვას აზერბაიჯანი ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლებით აპირებს. სრული დატვირთვის შემთხვევაში, მილსადენი ევროპისკენ 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.

 

კომენტარები