საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული აგრარული უნივერსიტეტი მოინახულა. სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრება.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს ორი ახალი ინიციატივაც გააცნო. ერთი ქართული სტუდენტური ბარათების შემოღებას უკავშირდება, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდებს მუნიციპალურ თუ სარკინიგზო ტრანსპორტსა და კვებისა თუ სავაჭრო ობიექტებში ფასდაკლებით მოემსახურებიან, ხოლო მეორე სტუდენტთა დასაქმების პროგრამას შეეხება, რომელიც, სავარაუდოდ, ზამთარშიც გაგრძელდება. სტუდენტური ბარათების აღებას ახალგაზრდები 20 მაისიდან შეძლებენ. „ახალგაზრდები მალე ქართული სტუდენტური ბარათებით ისარგებლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის საქართველოს რკინიგზაზე შესაძლებელია 15-20 პროცენტიანი ფასდაკლება იყოს; მუნიციპალურ ტრანსპორტით მათ, შესაძლოა, 40 პროცენტიანი შეღავათით იმგზავრონ. დიდ სუპერმარკეტებთან შეიძლება მოლაპარაკება, რათა სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს. ამ ბარათით სტუდენტებს პრივილეგია უნდა მივანიჭოთ და ცხოვრება გავუიაფოთ. ვიზრუნოთ იმაზეც, რომ ეს ბარათები საერთაშორისო სისტემაში ჩავრთოთ, რათა საერთაშორისო საავიაციო გადაზიდვებზეც ისარგებლონ გარკვეული შეღავათით“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის აგრარულ შესაძლებლობებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ნოყიერი მიწებით გამოირჩევა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და დამუშავება სჭირდება. ყოველივე ეს კი, მისი თქმით, ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების საქმეა. ამისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრს მეურნეობის ახალ, თანამედროვე პრინციპებზე მორგება დაავალა.

 

კომენტარები