აშშ საპრეზიდენტო არჩევნები 2012

ნიუტ გინგრიჩმა თავისი კანდიდატურა მოხსნა

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის ერთ–ერთმა პრეტენდენტმა, ნიუტ გინგრიჩმა ოფიციალური განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მან ქალაქ არლინგტონში თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა აღნიშნა, რომ იგი არ დაუშვებს, ბარაკ ობამა ხელმეორედ დაინიშნოს პრეზიდენტის პოსტზე. მისი თქმით, „ობამა ამერიკის ისტორიაში  ყველაზე რადიკალური ლიდერია.“

გინგრიჩის განმარტებით, მის მიერ საპრეზიდენტო მარათონის დატოვება გასულ კვირას 5 შტატის პრაიმერიში დამარცხებამ გამოიწვია.

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატურისათვის ბრძოლაში გინგრიჩმა მხოლოდ ორ შტატში შეძლო გამარჯვება – სამხრეთ კაროლინასა და მშობლიურ ჯორჯიაში.

გინგრიჩის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორს მით რომნის, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის მთავარ პრეტენდენტად ითვლება, მხოლოდ ერთი კონკურენტი, კონგრესმენი რონ პოლი დარჩა.

კომენტარები