აშშ საპრეზიდენტო არჩევნები 2012

ბარაკ ობამამ გაიმარჯვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. ის ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ქვეყნის მასშტაბით ხმების რაოდენობა ობამასა და მის მეტოქე რესპუბლიკელების კანდიდატ მიტ რომნის შორის 50.3 და 48.1 პროცენტად გადანაწილდა. თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, საარჩევნო კოლეგიის ხმებით, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი აირჩევა, ობამამ 303 ხმა მიიღო, ხოლო რომნიმ - 206. ობამამ წარმატებას მერყევი შტატებიდან აიოვაში, ვირჯინიაში, ნიუ ჰემფშირში, კოლორადოში, ნევადასა და ვისკონსინში მიაღწია და მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა მაშინ, როდესაც ფლორიდაში ჯერ კიდევ ხმებს ითვლიდნენ. 
ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს მისი მშობლიური ჩიკაგოდან მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კამპანიის წარმართვაში ეხმარებოდა. რომნის მომხრეთა გულის მოსაგებად, მან ხაზი გაუსვა, რომ მზადაა მეტოქესთან ერთად განიხილოს თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს ადმინისტრაცია წარმატებით გაუმკლავდეს. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა“, - აღნიშნა ობამამ. ის ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ლიდერებთან ერთად იმუშავებს საგადასახო კოდექსის და საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმაზე, ასევე იმპორტირებულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაზე. ეს სიტყვა საბოლოო წერტილი იყო საარჩევნო კამპანიისა, რომელზეც ორივე კანდიდატმა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დახარჯა. არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იყო, ობამამ 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, ხოლო რომნიმ 800 მილიონი. 
პრობლემები, რაც ობამას პირველი არჩევნების დროს იდგა, ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. მათ შორის, 1 ტრილიონი საბიუჯეტო დეფიციტი, 16 ტრილიონი ნაციონალური ვალი, ძვირადღირებული სოციალური პროგრამები, უმუშევრობა და პოლარიზებული კონგრესი, რომელიც ხშირად გადაწყვეტილებების მიღებას აყოვნებს. წარმომადგენლობით პალატას კვლავ რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ხოლო სენატში დემოკრატებს აქვთ უმრავლესობა. ობამას, პირველი ვადის მსგავსად, კონგრესში თანხმობის მიღწევა ახლაც გაუჭირდება. თუმცა პრეზიდენტს უპირატესობას აძლევს ის, რომ ამერიკის ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა, რითაც ის მეორე ვადის განმავლობაში ისარგებლებს.  
საკუთარ მხარდამჭერებს ბოსტონიდან მიმართა მიტ რომნიმაც. „ესაა დიდი გამოწვევების დრო ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვლოცულობ, რომ პრეზიდენტი წარმატებული იქნება ქვეყნის წარმართვაში“, - აღნიშნა მან გამოსვლისას. რომნიმ არჩევნები დიდი სხვაობით წააგო. მერყევი შტატებიდან, მან მხოლოდ ჩრდილო კაროლინა მოიგო. 
რესპუბლიკელთა ნაწილმა რომნის დამარცხება მის მერყევ პოზიციებს დააბრალა. როგორც The Guardian წერს, მომავალში, ახალგაზრდა რესპუბლიკელებს, როგორებიც არიან ჯებ ბუში და მარკო რუბიო, მოუწევთ უფრო მეტი ლათინოამერიკელის, ქალის და აფროამერიკელის მიღება თავიანთ რიგებში. სავარაუდოა, რომ რომნის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი პოლ რაიანი, ამ დამარცხების მიუხედავად, კვლავ დარჩება დიდ პოლიტიკაში. 
ბევრ შტატში ამომრჩევლის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ხალხი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგაც იდგა რიგში. Exit Poll-ების მიხედვით, არჩევნებზე მისული ამომრჩევლისთვის ეკონომიკა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. 

კომენტარები