ივანიშვილი და მედია

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას სპეციალური მიმართვით უპასუხა. მიმართვაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ცდილობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი შანტაჟისთვის გამოიყენოს და მისი შეწყვეტის მუქარით, მედიაზე ზეწოლა მოახდინოს.

28 მაისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს რიტორიკის გადაწყობისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ამ ტელევიზიაში ხალხი ფულს აღარ ჩადებს. "სიცრუეს აღარ ექნება ასეთი გასავალი, როგორც დღეს. ისინი ვეღარ მოახდენენ სიცრუის რეალიზაციას. ისინი გადაეწყობიან და იძულებულნი იქნებიან, მოიქცნენ ისე, როგორც მოსწონს საზოგადოებას,“ - აღნიშნა ივანიშვილმა. ამ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა გადაცემას - აქცენტები, სადაც, მისივე თქმით, წამყვანმა წყენა ვერ დამალა, რომ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდა.

ტაბულა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

დღეს 28 მაისს მოძრაობა ,,ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა (ბორის) ივანიშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც მედიაზე და, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის კამპანია განაგრძო.

დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თუ ,,არ გადავაწყობთ რიტორიკას“ და არ ვიქნებით აბსოლუტურად ლოიალურები ივანიშვილის მიმართ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მომავალი ეჭვქვეშ დადგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მისი სარედაქციო, თუ ფინანსური დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია, რომელიც დაფიქსირებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, ჩვენი დაფინანსება არაა დამოკიდებული პარლამენტის და, მითუმეტეს, მთავრობის ნება-სურვილზე და წარმოადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ს.

ყველა საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესიონალის ერთსულოვანი აზრით ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია და უზრუნველყოფს მაუწყებლის სრულ, მათ შორის სარედაქციო, დამოუკიდებლობას. სხვათა, შორის მაუწყებლის, როგორც საქართველოში ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელერადიოკორპორაციის საქმიანობა არაერთხელ დაადასტურა ეუთოს, გაეროს, ევროკავშირის, ,,ბიბისის“ და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ამ ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის თვითნებური შეცვლის, მეტიც, შეწყვეტის მუქარა აღიქმება, როგორც დაუფარავი შანტაჟი და სარედაქციო პოლიტიკის წინასარჩევნოდ შეცვლის უხეში მცდელობა.

როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს, რაც ეწინააღმდეგება, ზოგადად, მედიის თავისუფლების და ,კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას.

ბატონო ბიძინა, განმარტებისათვის:

1.            საავტორო გადაცემის წამყვანი ,,დიქტორი“ არ გახლავთ

2.            კომერციული რეკლამა გარდა კანონით გათვალისწინებული ერთეული შემთხვევებისა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2011 წლიდან აიკრძალა.

მივმართავთ მედიაგარემოს დემოკრატიზაციის მიმართულებით მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ჯეროვნად შეაფასონ ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტები.

კომენტარები