ევროპის კვირეული

პრეზიდენტი ევროპის კვირეულის მონაწილეებს შეხვდა

გუშინ საღამოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის კვირეულის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და მათთან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.
„ჩვენ წინ მივიწევთ, თან ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა,“ - განაცხადა სააკაშვილმა სტუმრების წინაშე გამოსვლისას. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებზე და ასევე დასძინა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. 
„ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი წლის დამლევს იმაზე დიდ შედეგს მივაღწევთ, ვიდრე თურქეთმა მიღწია საბაჟო კავშირის შედეგად. ამით თურქეთი მკვეთრად განვითარდა, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს ამის ბევრად მეტი შანსი აქვს. ევროკავშირთან ჩვენ გვექნება შეთანხმება ასოცირებული წევრობის შესახებ და ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც საჭიროა სრულფასოვან გაწევრიანებასთან დაკავშირებული დიალოგის დასაწყებად,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახლის ინიციატივით თბილისში, 29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ევროპის კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში მარავალი საინტერესო შეხვედრა, საჯარო ლექცია, დებატები, გამოფენა და კონცერტი იმართება. 

კომენტარები