ევროპის კვირეული

ევროპის კვირეული დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონფერენციით გაიხსნა

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპის კვირეული დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონფერენციით გაიხსნა. "ჩვენი ევროპული არჩევანი" - ასე ერქვა ესეებისა და სამხატვრო აკადემიაში გამოცხადებულ კონკურსებს, რომლის გამარჯვებულებიც დღეს დააჯილდოვეს. კონფერენცია სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულების შესახებ.

“ეს არის ტრადიციული ევროპის დღეები, მაგრამ წელს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფარგლებში. ეს არის განსაკუთრებული მასშტაბის ღონისძიება, მნიშვნელობა დიდია იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სულ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ თუ რა შეთანხმებას მოაწერს საქართველო ხელს და საითკენ მიდის ჩვენი ქვეყანა, რათა მომავალში აღარ იყოს გაურკვევლობა”, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა კი, თავის გამოსვლაში ყურადღება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე გაამახვილა. ფილიპ დიმიტროვის თქმით, კანონი გახსნის გზას, რათა დაიწყოს პროცედურები ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე.

ევროპის კვირეული 14 მაისამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ფერმერებთან და პრობაციონერებთან.

კომენტარები