რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

საგარეო საქმეთა სამინისტრო პუტინის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის აღიარებას უკავშირდება. შეგახსენებთ, გუშინ, ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთს სპეციალური გეგმა  ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ჰონდა შემუშავებული, რომელიც თავადვე დაამტკიცა. 
ტაბულა, სრულად წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას:
„დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2006 წელს შეიმუშავა საქართველოში შემოჭრის სამხედრო გეგმა. ეს განცხადება ეწინააღმდეგება რუსეთის ადრეულ პოზიციას, რომ 2008 წლის სამხედრო აგრესია საქართველოს მოქმედებების საპასუხოდ განხორციელდა და მიზნად "გენოციდის შეჩერებას" და „რუსეთის მოქალაქეების დაცვას" ისახავდა. ეს განცხადება ასევე ხაზს უსვამს რუსეთის აგრესიის წინასწარგანზრახულ ხასიათს და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის სრულ უგულებელყოფას. პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი ოყო, ასევე აღიარა, რომ რუსეთის სამხედრო ექსპერტები წვრთნიდნენ ცხინვალის რეჟიმის შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო აგრესიაში მონაწილეობის მისაღებად.
„არსებობდა გეგმა, ეს არანაირი საიდუმლო არაა", განაცხადა პუტინმა რუსეთის მედიის წარმომადგენლებთან. „რუსული მხარე ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა. გეგმა რუსეთის გენერალური შტაბის მიერ შემუშავდა 2006 წლის ბოლოს - 2007 წლის დასაწყისში. მე განვიხილე და დავამტკიცე ეს გეგმა."
პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი აღიარება, რომ 2008 წლის აგრესია წინასწარგანზრახული ხასიათისა იყო, კონფლიქტის არსის შეფასებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა. განცხადება ადასტურებს საქართველოს მყარ პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს მოქმედებები სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დაგეგმილი ღონისძიება იყო.
დღევანდელი განცხადება ასევე ეხმაურება რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის 2011 წლის ნოემბერში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ სამხედრო ჩარევა მიმართული იყო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს. „ჩვენ უბრალოდ დავაწყნარეთ ზოგიერთი ჩვენი მეზობელი და მათ ვუჩვენეთ, რომ კორექტულად უნდა მოიქცნენ რუსეთისა და მომიჯნავე მცირე სახელმწიფოების მიმართ," განაცხადა მედვედევმა დონის როსტოვში, „ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩათვლით ამით გავუგზავნეთ სიგნალი, რომ მათ, პირველ რიგში, გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე უნდა იზრუნონ. ჩემი აზრით, ეს 2008 წლის მოვლენების მთავარი შედეგია."
იმის აღიარებით, რომ ცხინვალის რეჟიმის შეიარაღებულ ფორმირებებს რუსეთის ძალები ამზადებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი უგულებელყოფდა მშვიდობისმყოფელის ვალდებულებებს. ამგვარად, რუსეთის მოქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სამშვიდობო შეთანხმებებს და ურცხვად ხელყოფდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
პრეზიდენტ პუტინის დღევანდელი განცხადების ფონზე, საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის განვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კვლავაც იყენებს აგრესიულ რიტორიკას. ყოველივე ეს საქართველოს უსაფრთხოებისათვის პირდაპირ და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოსთხოვოს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები და უნდა შექმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
თბილისი, 2012 წლის 8 აგვისტო“

კომენტარები