ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: ქელბაქიანის დაკავება არის აბსოლუტურად სამართლიანი

ქელბაქიანის დაკავება არის აბსოლუტურად სამართლიანი, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში, გადაცემაში "მთავარი კითხვა ეკა ბერიძესთან ერთად" განაცხადა. 

ღარიბაშვილის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკვეთილია მძიმე დანაშაული - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, სახელმწიფო კუთვნილი სახსრების მითვისება და ფულის გათეთრება. 

"აღმოვაჩინეთ, რომ ეს პიროვნება ეწეოდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. ჩვენი მიზანი არ იყო აღმოგვეჩინა კვალი ბატონ უგულავაზე გასასვლელად. ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია და ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შს მინისტრის თქმით, არცერთი დაკავება პოლიტიკური ნიშნით განპირობებული არ იყო. "ყოფილი მთავრობა ცდილობს, რომ ნებისმიერი დაკავება რამენაირად პოლიტიკურ დევნას დაუკავშიროს და განმარტონ ისე, თითქოს ჩვენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ვაკავებთ, ვდევნით პოლიტიკური ნიშნით. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები