ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"

რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2024 წლის 23 მარტს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ გასულ წელს ყოფილი პრემიერის მთავარი შემოსავლის წყარო მშობლების მიერ ნაჩუქარი ფული იყო, რომელიც ჯამში 150 000 ლარს შეადგენდა. 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, ღარიბაშვილს დედ-მამამ 180 000 ლარი აჩუქა.

ყოფილი პრემიერმინისტრისა და ამჟამად ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამამისის ოფიციალურ საკუთრებაშია "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება", ხოლო მის "ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები."

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყოფილი პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მფლობელობაში ჯამში დაახლოებით 4.5 ჰექტარი მიწის ნაკვეთია, რომლის ნაწილს სასოფლო სამეურნეო სტატუსი აქვს, ნაწილს კი - საკარმიდამო.

რაც შეეხება ბიზნესებს, საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, 2023 წლის თებერვალში კომპანია შპს ქართული ფესვების 50%-იანი წილი შეიძინა. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სფეროებია მევენახეობა, ღვინის წარმოება და რეალიზაცია. 

საჯარო რეესტრის ამონაწერებში ასევე ასახულია, რომ 2023 წელს ღარიბაშვილის მამამ ახალი კომპანია ღარიბაშვილის მარანი დააფუძნა.

რეესტრში არსებული ინფორმაციით, ტარიელ ღარიბაშვილის საკუთრებაში სხვა ბიზნესი არ მოიძებნება.

2023 წლის აგვისტოს თვეში ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში შვილთან ერთად გაემგზავრა - მთავრობის სტრატკომის ცნობით, თბილისიდან მიუნხენამდე ჩარტერული რეისით, ხოლო იქიდან ამერიკაში - კომერციული რეისით.

"მადლობა ღმერთს, მე მყავს შეძლებული ოჯახი, მე არასდროს არ ვიყავი გაჭირვებული, პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს, ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და ეს არ არის სიახლე…

თუ ობიექტურები ბრძანდებით, უნდა გაგერკვიათ... ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ რამე კითხვები გაქვთ, მე ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციებს, დაელოდეთ, ამ წელსაც შევავსებ დეკლარაციებს, მომავალ წელსაც შევავსებ." - ამბობდა ღარიბაშვილი 2023 წელს.

მაშინ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ჩუბინიძე ამბობდა, რომ ეს თანხა ლარებში 34 000 ევროს ეკვივალენტი იყო.

უახლეს დეკლარაციაში ასახულია ღარიბაშვილის შვილის აშშ-ი სასწავლებლად გამგზავრებისთვის დაქირავებული თვითმფრინავის ხარჯი - "გარდა ამისა, ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: 1) 94 500 ლარი; 2) 15 000 ლარი"- წერია დოკუმენტში.

კომენტარები