ჩხრეკა

შსს გოგა ხაჩიძის მშობლების სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცალი ცარიელი მჭიდი და ერთი ჯავშანჟილეტი. ამასთან, მოწმის სახით დაიკითხა გოგა ხაჩიძის მამა, მევლუდ ხაჩიძე.

შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, რომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის განყოფილებაში 29 ნოემბერს შევიდა. ამავე დღეს, სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს სურამში მცხოვრები ზურაბ ციცქიშვილის ბინა, საიდანაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთი მჭიდი, 17 ვაზნა და ავტომატის საწმედი ამოიღეს. ციცქიშვილმა და მისმა მამამ დაკითხვისას გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მევლუდ ხაჩიძეს, შესაძლოა, მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონოდა შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები.

"საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2012 წლის 01 დეკემბერს დილის 07:00 საათზე გაჩხრეკილი იქნა ხაშურის რაიონ სოფელ ურთხვაში მცხოვრები მევლუდ ხაჩიძის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცალი ცარიელი მჭიდი და ერთი ცალი ჯავშანჟილეტი. მევლუდ ხაჩიძე დაკითხული იქნა მოწმის სახით", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში სამართალდამცავები 1 დეკემბერს, გამთენიისას შევიდნენ. თუ რატომ ჩატარდა ჩხრეკა დილის 7 საათზე, უწყება განმარტებას არ აკეთებს. თავად გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ მის სახლში "აღმოაჩინეს" და წაიღეს რამდენიმე ნივთი - ძველი ჯავშანჟილეტი და კისტის თოფი.

 

კომენტარები