ჩხრეკა

კახიძე: ევრომოსამართლის ძმის ჩხრეკა შესაძლოა ხელისუფლების შურისძიებაა

parliament.ge

ევრომოსამართლე ნონა წოწორიას ძმის ჩხრეკა ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე - ამის შესახებ ტაბულას ევოპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა. კახიძე ამბობს, რომ ასეთი ქმედებებით ევროსასამართლოს მოსამართლეს ვერ დააშინებენ.

"როგორც იცით, ნონა წოწორია არის მოქმედი მოსამართლე საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში. იგი მონაწილეობს იმ საქმეების განხილვაში, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას - მათ შორისაა ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეები.

მოგეხსენებათ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე 8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა, რაც გასაჩივრდა დიდ პალატაში და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე, დასკვნით ეტაპზეა გიგი უგულავას საქმე. განხილვის პროცესშია რუსთავი ორის საქმეც, სადაც მეოთხე სექციამ ერთხმად შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება", - უთხრა კახიძემ ტაბულას.

კახიძე მიმართავს ხელისუფლებას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებს საქართველოს მოსამართლე, არამედ იგი სავალდებულო წესით მონაწილეობს საქმეთა კოლეგიურ განხილვაში.

"ამგვარი უაღრესად საეჭვო ფაქტების შესახებ საზოგადოებას აქამდეც სმენია, მხედველობაში მაქვს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ამანათების გაგზავნა, და ა.შ.

ასეთი ქმედებებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს ვერ დააშინებენ, პირიქით, გაამყარებენ მოსაზრებას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის პოლიტიკური ხელისუფლების იარაღი - ანგარიშსწორებისა და უკანონო დევნისათვის", - თქვა კახიძემ ტაბულასთან საუბარში.

ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით ტაბულას ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრმა დაუდასტურა. ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები