''ისრაელი პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებით გაკვირვებული და იმედგაცრუებულია’’ , - განაცხადა ისრაელის ელჩმა, იუვალ ფუქსმა, საქართველოს მიერ პალესტინისთვის სტატუსის გაზრდის მხარადჭერის კომენტირებისას.
ტაბულა კომენტარისთვის საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ზურაბ ჯაფარიძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, პალესტინის სტატუსის ამაღლება ტერორიზმის გავლენის გაძლიერებას ნიშნავს.
''ამ რეზოლუციით მოხდა პალესტინის სტატუსის ამაღლება გაერთიანებული ერების ორგანიზაციების შიგნით, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ტერორისტებს, ამ შემთხვევაში -ჰამასს, ექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობები’’ , -აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
რაც შეეხება საქართველოს მიერ პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერას, ჯაფარიძის განმარტებით, ამ ნაბიჯით საქართველო მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ წავიდა.
''ამ რეზოლუციის მხარადჭერით, საქართველომ ვერ მოიგო ვერაფერი. ჩვენ წავედით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგ და ძალიან დიდი ალბათობით გავიუარესეთ ურთიერთობა ისეთ მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშესთან, როგორიც არის ისრაელი’’- განუცხადა ტაბულას ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა პალესტინის ავტონომიისთვის სტატუსის გაზრდას. პალესტინას დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილებას 138-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი - მათ შორის საქართველომ. 41-მა თავი შეიკავა, ხოლო ცხრა ქვეყანამ - მათ შორის აშშ-მა და ისრაელმა წინააღმდეგობა გამოხატა.