შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს რეგიონებს სტუმრობს. როგორც ცნობილია, მინისტრი ამჯერად ქვემო ქართლში იმყოფებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონში არსებული კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პოლიციის სამმართველოები მოინახულა. ღარიბაშვილი პირადად გაეცნო თანამშრომლებს და პოლიციის მუშაობით კმაყოფილება გამოხატა.
შს მინისტრი ასევე იმყოფებოდა თეთრიწყაროს რაიონში, სადაც სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებით დაინტერესდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის წინწყაროში სიტუაცია განმუხტულია და ის სამართალდამცველების ჩარევას არ საჭიროებს.
შეგახსენებთ, სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ნოემბრის ბოლოს დაიწყო. ადგლობრივმა ეკომიგრანტებმა სვანეთიდან, თანასოფლელ ეკომიგრანტებს აჭარიდან სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ძალადობის მუქარით მუსლიმური სამლოცველოს დახურვა მოსთხოვეს. კერძო სახლში სამლოცველო უკვე მესამე თვეა მოქმედებს. ადგილობრივები სოფლიდან მუსლიმების გაძევებით იმუქრებიან.