აღმსარებლობის თავისუფლება

რელიგიათა საბჭო მთავრობას თანამშრომლობას არსებულ ფორმატში სთავაზობს

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, რომელშიც 22 რელიგიური გაერთიანებაა წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობას მიმართავს. რელიგიათა საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა მათ რეკომენდაციებს სრულად გაითვალისწინებს, ხოლო უმცირესობებთან ურთიერთობისთვის ისინი არსებულ ფორმატს გამოიყენებენ. უმცირესობების განცხადებით, მათ პოზიციას სრულად გამოხატავს რელიგიური საბჭო და ახალი ფორმატის მოფიქრება საჭირო არ არის.

"რელიგიათა საბჭოს წევრები ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველთან არსებული საბჭოს ფორმატი მისაღები და კომფორტული სივრცე გახდება რელიგიურ გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი დიალოგისთვის. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია გაზიარებული იქნება სამთავრობო უწყებების მიერ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დისკრიმინაციის დაძლევასა და რელიგიის თავისუფლების სრულფასოვან დაცვას. დრომ და საქართველოს რელიგიურ უმცირესობათა ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილებამ, ასევე მრავალმა გარემოებამ დაგვიდასტურა, რომ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა ხმას, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

საბჭომ წინა ხელისუფლების პერიოდში რელიგიური თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესება აღნიშნა, თუმცა განმარტა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო კვლავაც ბევრია, რისთვისაც სახელმწიფოს თანამშრომლობას არსებულ ფორმატში სთავაზობს. "ვამჩნევთ, რომ დღევანდელ მთავრობას სურს სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებათა ურთიერთმიმართების შესახებ საკუთარი ხედვა შემოგვთავაზოს. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭოს წევრებმა საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხთან დაკავშირებით ჩვენი საერთო პოზიცია განგვემარტა", - ნათქვამია განცხადებაში.

დეკემბერში, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო სახელმწიფოსთან არსებული რელიგიური საბჭო, როგორც მთავრობის საკონსულტაციო ორგანო. "ინტერრელიგიური საბჭო ეს არის იდეა, იდეის დონეზეა ჯერ, მე მგონია, რომ მთავრობას სჭირდება მუდმივი დიალოგი ეკლესიასთან, რელიგიურ უმცირესობებთან, თუნდაც ID ბარათის თემაზე, მაგალითად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მე მაინტერესებს, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის და შიგნით არსებული განსხვავებული აზრების მოსმენა და ალბათ ეს არ მეკრძალება, რომ ვიცოდე უკეთესად, რომელ რელიგიურ პრინციპებს უპირისპირდება ID ბარათის ქონა თუ არსებობა, რა ფუნქციებია ამ ბარათის მიუღებელი მორწმუნეებისთვის, ერთი ჯგუფისთვის, იგივე აზრზე არიან თუ არა რელიგიური უმცირესობები და ამ მხრივ, დიალოგის ფარგლები ალბათ უნდა იყოს რაღაც ტიპის ინტერრელიგიური საბჭო", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის პასუხად, განცხადებაში კიდევ უფრო მკაფიოდ არის ნათქვამი, რას წარმოადგენს რელიგიათა საბჭო: "სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო მოქმედებს, როგორც ომბუდსმენის საკონსულტაციო მექანიზმი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში მან უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა და სახელმწიფო უწყებების საკონსულტაციო ფორუმადაც ჩამოყალიბდა. ამასთანავე, სახელმწიფო უწყებები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც, ფართოდ იხსენიებენ რელიგიათა საბჭოს, როგორც საკონსულტაციო ფორუმს. მის საქმიანობას აკვირდებიან და მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო უნიკალურია თავისი ფორმატით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მიმართვას ხელს აწერენ:

1. იუდაური თემი საქართველოში

2. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია

3. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

4. ქართველ მუსლიმთა კავშირი

5. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია

6. ეზიდთა სასულიერო კრება

7. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

8. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია

9. სახარების რწმენის ეკლესია

10. მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია

11. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

12. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია

13. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია

14. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

15. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მადლი

16. საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია

17. კრიშნას ცნობიერების საზოგადოება

18. ევანგელისტური ეკლესია ღმერთის საელჩო

19. ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი

20. მეგობართა საზოგადოება – კვაკერები

21. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში

22. სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი

კომენტარები