სამძიმარი

პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო

ქართველი მსახიობი გურამ საღარაძე, გუშინ, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

"ვწუხვარ უბადლო ქართველი მსახიობის, მრავალმხრივი შემოქმედისა და ქართული თეატრის კლასიკოსის - გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო. ბატონ გურამს არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გაუცოცხლებია რუსთაველის თეატრის სცენაზე. მისი მონაწილეობით შემდგარი ყოველი სპექტაკლი სულიერ საზრდოს აწვდიდა და აღაფრთოვანებდა მაყურებელს. საზოგადოების საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მისი ღირსეულად განვლილი ცხოვრებისა და საინტერესო, მრავალფეროვანი შემოქმედების აღიარებაა. მისი შემოქმედება სამუდამოდ ეკუთვნის ქართველ ხალხს, მის აწმყოსა და მომავალს. საქართველომ დიდი დანაკლისი განიცადა. სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

 გურამ საღარაძეს 22 იანვარს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. 

კომენტარები