ფინანსთა სამინისტრო

დავით კეზერაშვილს ქრთამის აღებაში დასდეს ბრალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობაში დასდო ბრალი. 

საგამოძიებო სამსახურის თქმით, სქემის მიხედვით, ყურძნის მასალისა და ეთილის სპირტის შეზავებით მზადდებოდა ფალსიფიცირებული კონიაკი, რომელიც შემდეგ უკრაინასა და საქართველოში იყიდებოდა. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, კეზერაშვილმა აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მფარველობისთვის და შემოსავლების დამალვისთვის ქრთამის სახით 2007-2012 წლებში 12 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, სახელმწიფომ კი გადასახადების დამალვის გამო 50 მილიონი ლარის ოდენობით ზარალი ნახა.  

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით, 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

კომენტარები