ფინანსთა სამინისტრო

ხაზი გაესვა ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას – ხუციშვილი ო'სალივანსა და ო'ბრაიენს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ დევიდ ო’სალივანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა.

განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სანქციების გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

"მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. 

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით.  

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო კვლავ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სანქციების ნაწილში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა". - წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ხუციშვილმა პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს "პოზიტიური შეფასებისთვის". 

"სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება". - თქვა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

ხუციშვილის სიტყვებით, გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები სანქციების აღსრულების მიმართულებით, "რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა". 

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში". - თქვა ხუციშვილმა.   

შეხვედრას დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და შემოსავლების სამსახურის სხვა წარმომადგენლები.  


ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისს 26 ივნისს ეწვია, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი. 

ვიზიტის ფარგლებში, 27 ივნისიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან  არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან.  დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთანაც.

ო'სალივანისა და ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. იგი ასევე ეწვევა რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, 2023 წლის გაზაფხულზე ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევების მონიტორინგისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის. ამასთან, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს.

მანამდე, ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

კომენტარები