ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრი: გადასახადის გადამხდელებს ჯარიმა-საურავებზე შეღავათები ექნებათ

"გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე აღიარებული/არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები". – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ხუციშვილის თქმით, ამისთვის გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და გადასახადის ძირითადი თანხა უნდა გადაიხადოს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

ფინანსთა მინისტრის თანახმად, გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ სანქციისაგან, საგადასახადო შეთანხმება გაუფორმდებათ ანალოგიური პირობებით, საგადასახადო დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში. 

"აღნიშნული ინიციატივა ეხება ყველა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებებს (მათ შორის საგადასახადო დავაში არსებულ დავალიანებებს), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ გადამხდელთან მიმართებაში არსებობს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ეკონომიკურ დანაშაულზე. მსგავსი ფორმით და პირობებით წარმოდგენილი განცხადება დაკმაყოფილდება ავტომატურ რეჟიმში განხილვის დამატებითი შიდა პროცედურების გარეშე”. – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ინიციატივა ჯარიმა/საურავების პატიების შესახებ ერთჯერადი ხასიათის არის და უკავშირდება გადასახადის გადამხდელებისათვის პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების დაძლევას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 18 მაისიდან მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აღნიშნული საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შემოსავლების სამსახური მათ შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის დამატებითი საკომუნიკაციო არხების, მათ შორის, გადამხდელის ავტორიზებული გვერდის საშუალებით. 

კომენტარები