ბათუმის ინციდენტი

საია-ს წევრები ბათუმში ვიდეოჩანაწერის წაშლისგან დაცვას ცდილობენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები, აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატები და უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი "ბათუმის სახლთან" 28 მარტს გვიან საღამოს შეიკრიბნენ. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება.

ამ შენობაში განთავსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეპატრონემ განაცხადა, რომ ობიექტს დღისით უცნობმა პირებმა მიაკითხეს და სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერით დაინტერესდნენ. მათი წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ღამით და დილით გადაღებული კადრები წაშლილია - მათ შორის საია-ს წევრებსა და აჭარის პოლიციის უფროსს ვალერიან თელიას შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ჩანაწერიც.

საია-ს წარმომადგენელთა განცხდებით, კამერამ ეს პირები შენობიდან მათი გასვლისას დააფიქსირა.

"ჩვენ ახლა ვცდილობთ დავიცვათ ობიექტში ვიდეოფირზე არსებული მასალა, რომელშიც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია იმ პოლიციელების ვიდეოგამოსახულება, რომლებმაც სავარაუდოდ გაანადგურეს ვიდეოფირზე აღბეჭდილი დღევანდელი ინციდენტი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიდეოჩანაწერი პოლიციის თანამშრომლებმა წაშალეს, ობიექტის მეპატრონემ გააჟღერა. ჩვენი მოთხოვნაა, მოვიდეს გენერალური ინსპექცია და ამოიღოს დოკუმენტაცია", - განაცხადა საია-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ.

ადგილზე იმყოფება ასევე აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი ჩარკვიანი. მისი თქმით, გენერალურ ინსპექციას აღნიშნული ფაქტის გამოსაკვლევად 17.36 საათზე დაურეკა და მას შემდეგ ელოდება მათი მხრიდან გამოხმაურებას, თუმცა, უშედეგოდ.

 

კომენტარები