ბათუმის ინციდენტი

სახალხო დამცველი წულუკიძე-ბახუნტარაძის საქმეზე, მთავარ პროკურატურას მიმართავს

facebook.com/UchaNanuashvili

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარაძის დაკავებისას სავარაუდო დარღვევების შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას შემდგომი რეაგირებისათვის მის ხელთ არსებული მასალებიც გადაუგზავნა.

"მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2013 წლის 13 სექტემბერს ბათუმში დააკავეს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე და მისი თანმხლები პირები, რომლებმაც დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს. ამავე ინფორმაციით, დაკავების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად, დაიჭრა როგორც ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, ასევე პოლიციის თანამშრომლები და ერთი გამვლელი. 2013 წლის 14 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მოცემული საქმის შესწავლა. 14 და 15 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, საკითხის შესწავლის მიზნით, აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულ პირებს - ფირუზ წულუკიძესა და თემურ ბახუნტარაძეს შეხვდა. ორივე დაკავებულს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც, მათი განმარტებით, დაკავების დროს მიიღეს. ასეთივე ჩანაწერია გაკეთებული აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული პირად საქმეებშიც", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდგომ დაკავებულ ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნდარიძესა და რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ლაკაევი არ ესწრებოდა, ის დაჭრილია და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

 

 

კომენტარები