ბათუმის ინციდენტი

არასამთავრობოები ბათუმის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებენ

 აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებით საია-ს თანამშრომლებსა და აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს შორის, განცხადებას ავრცელებენ. 

"არასამთავრობო სექტორი უკვე მეორე დღეა, მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, "ბათუმის სახლიდან" ამოიღოს მტკიცებულება, რომელიც სრულად ასახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიასა და საია-ს თანმშრომლებს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს. შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურას არ აღმოაჩნდათ იმის ნება, რომ დაადგინონ ობიექტური სინამდვილე თუ რა მოხდა გუშინ გრიბოედოვის ქუჩაზე. უფრო მეტიც, შს სამინისტრომ საშური ოპერატიულობით, ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლების დაკითხვის დასრულებამდე, სამართალდამრღვევად გამოაცხადა საია-ს თანამშრომლები. ამ დრომდე ველოდებოდით სამართალდაცავი ორგანოების რეაგირებას, თუმცა ისინი არ ჩანან და ვტოვებთ ამ ტერიტორიას, რადგან:

1. მტკიცებულების განადგურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გენერალური ინსპექცია არ გამოცხადდა იმის მომიზეზებით, რომ არ სცალია;

2. მტკიცებულების განადგურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პროკურატურამ იმ მიზეზებით, რომ საქმეს სწავლობს გენერალური ინსპექცია;

3. სამართალდამცველებმა არ ამოიღეს ის ვიდეომასალა, რითაც დადასტურდებოდა პოლიციის მიერ ვიდეომასალის ანუ მტკიცებულების განადგურება;

4. პოლიციამ ნაწილობრივ გაანადგურა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ვალერი თელიამ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელი. განცხადება პოლიციელების მხრიდან ვიდეომასალის განადგურების შესახებ მედიასთან გააკეთა ობიექტის მესაკუთრემ, ჩვენი ინფორმაციით კი გადარჩენილ კადრებზე ასახულია იმ მაღალჩინოსანი პოლიციელების ვინაობა, ვინც გაანადგურა მტკიცებულება.

5. შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არასრულყოფილი მასალა არ არის შესწავლილი. მისი შესწავლის შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ ვალერი თელიამ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელი, რაც გამოიხატა საია-ს თანამშრომლების ფიზიკურ შეურაცხყოფაში.

აქვე ერთ გარემოებასაც მივაქცევთ ყურადღებას, შს სამინისტრო თავის განცხადებაში აქცენტს მხოლოდ იმაზე აკეთებს, რომ საია-ს მძღოლი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მხოლოდ მსუბუქი თრობა დაუდასტურდა. ამავე დროს, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ მისი შეუფერებელი ქმედების დაფარვის მიზნით, გუშინ შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენაზე გააკეთა კომენტარი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

კომენტარები