თამაზ თამაზაშვილის საქმე

ყოფილ პოლიციელებს თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ პოლიციელებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
6 ყოფილი პოლიციელი 27 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა პოლიციის გენერლის თამაზ თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, განზრახ უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ყველა დაკავებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. ადვოკატების ნაწილი კი ალტერნატიულ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს ან თავდებობას ითხოვდა. ამასთან, დაკავებულ პოლიციელებს 20 დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

პროკურატურის განმარტებით, "2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. დაკავებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პოლიციელებმა თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით 25 მაისს პრესკონფერენცია გამართეს და პროკურატურა ზეწოლაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, პროკურატურამ მათ 24-საათიანი ვადა მისცათ იმისთვის, რომ თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავება ეღარებინათ.

კომენტარები