ეკონომიკური განვითარება

ხადური: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ უმოკლეს ვადებში მოახდინოს გარღვევა

facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრაზე.

"საქართველო უნიკალურ დროშია. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. მიუხედავად წარმატებებისა, ბოლო წლებში ვერ მოხეხდა მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ უმოკლეს ვადებში მოახდინოს გარღვევა. ამას საქართველოს მთავრობა – ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აწონილი, ოპტიმალური, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების განხორციელებით მოახდენს", – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკური განვითარების კუთხით მიმდინარე ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა გამოიყოფა, ვიდრე წინა წლებში. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვისაც.

"მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს სოფლის მეურნეობაშიც, მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება საინვესტიციო კაპიტალის შემოდინება და ამ მიმართულებით განსაკუთრებული დატვირთვა ექნება საინვესტიციო ფონდებს, რომელიც პრემიერმინისტრის ინიციატივით პრაქტიკულად დაფუძნებულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტორებს ექმნებათ ყველა პირობა რათა აწარმოონ საკუთარი პროდუქცია და რაც მნიშვნელოვანია საქართველო იღწვის იმისთვის, რომ დადოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან და აშშ-თან. ასე, რომ საქართველოს ეკონომიკა უახლოეს ხანში გახდება დიდი ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადურმა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეები ხვალ, 2 ივნისს კახეთში დაპატიჟა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ, მათ ბორჯომი დასჭირდებათ მეორე დღეს.

 

კომენტარები