ეკონომიკური განვითარება

ბახტაძე: პროგრესი უნდა გავზომოთ 2 კრიტერიუმით, სიღარიბის დაძლევა და ადამიანური კაპიტალი

სახელმწიფოს პროგრესი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გავზომოთ ორი კრიტერიუმით, რამდენად სწრაფად ვამარცხებთ სიღარიბეს და რამდენად წინ მივიწევთ ადამიანური კაპიტალის ინდექსში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ "ეკონომისტთან" ინტერვიუში თქვა. 

მისი თქმით, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიური ევოლუციის საუკუნეა, სადაც ადამიანურ კაპიტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ბახტაძე ამბობს, რომ დღეს, სამწუხაროდ განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს ასცდა და სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობს.

"ჩვენი ეკონომიკური გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ეს აცდენაა, შესაბამისად, მთავარი კრიტერიუმია, საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნეში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ისეთი პოტენციალი, რომელიც საქართველოს შეიყვანს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური რეფორმა. მე, როგორც მოქალაქე, გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული სახელმწიფოს წარმატებას შევაფასებდი ამ ორი ძირითადი კრიტერიუმით, რამდენად კარგი ტემპებით მივდივართ სიღარიბის დამარცხებაში და როგორ ვაუმჯობესებთ პოზიციას ადამიანური კაპიტალის ინდექსში", -ამბობს მამუკა ბახტაძე. 

კომენტარები