სკოლამდელი აღზრდა

უგულავა: ბაღები არ უნდა გახდეს უფასო ქაღალდზე, სინამდვილეში კი - უხარისხო

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერი ქალაქის საკრებულოს საბაშვო ბაღების დაფინანსების 13 მილიონი ლარით გაზრდის, ცენტრალურ მთავრობას კი 25 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის ინიციატივით მიმართავს.

საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებასა და თანმდევ შესაძლო პრობლემებზე გიგი უგულავამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში, სხვა პროგრამების შეკვეცის ხარჯზე, ბაღებთან დაკავშირებით წელს შეფერხება არ იქნება, თუმცა პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც ეს ცვლილება წელიწადის შუა პერიოდში მიიღო:

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პრობლემა არ შეიქმნას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოხდება ცვლილება და მე იმედი მაქვს, რომ საკრებულო მას მხარს დაუჭერს. 13 მილიონი ლარი დაემატება თბილისის საბავშვო ბაღებს, რათა წელს სრულფასოვანი ფუნქციონირება შევძლოთ. 8 მილიონი ლარი აუცილებელია იმისათვის, რომ უფასო ნაწილი შეივსოს, ხოლო 5 მილიონი ლარი დაემატება არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

პრობლემა უფრო შორსმიმავალია და არ ეხება წლევანდელ წელს. ჩვენ ცენტრალური ბიუჯეტიდან არ მოგვითხოვია ამისთვის თანხა, სხვა პროექტები შეიკვეცა იმისთვის, რომ ბაღების ფუნქციონირებას არ შეშლოდა ხელი. თუმცა, პარლამენტი გარკვეულწილად უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როცა კანონი მიიღო შუა საბიუჯეტო წელს. თბილისს შეიძლება ამის შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ ყველა რაიონს პრობლემა აქვს და ცენტრალური ბიუჯეტი ერთ კაპიკს არ აძლევს, არადა, დაფინანსება საიდანღაც უნდა მოიტანო", - ამბობს გიგი უგულავა.

დედაქალაქის მერის თქმით, 25 ახალი ბაღის მშენებლობას ორი წლის მანძილზე 55 მილიონამდე ლარი დასჭირდება, სისტემის გამართულად მუშაობისთვის კი ქალაქის მერიას ხარჯი გაეზრდება, ამიტომ გიგი უგულავა ფინანსებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილებას ცენტრალურ მთავრობას სთავაზობს:

"პრობლემა უფრო ფართო და გრძელვადიან პერსპექტივაშია: მე ვთავაზობ ცენტრალურ მთავრობას და უმრავლესობას, 25 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ამისთვის დაახლოებით 55 მილიონი ლარია საჭირო 2 წელიწადში.

გარდა ამისა, ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ბაღების მოვლა-შენახვაში. თუ დავამატებთ ამას გაზრდილ ხარჯებს, დაახლოებით 8-10 მილიონს, არსებული სისტემა რომ შენარჩუნეს, 50 მილიონი ლარამდეა საჭირო, რაშიც არ შედის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ხელფასების ზრდა.
იმისთვის, რომ სისტემა უფასოდ ვამუშაოთ, ყოველწლიური 55-57 მილიონამდე გაგვეზრდება. ეს არის ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 9%. სხვა უამრავი რამაა, რაც ქალაქის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, შესაბამისად, შეგვექმნება პრობლემები და სწორედ ამიტომ ვთავაზობთ თანამშრომლობას ცენტრალურ მთავრობას და პასუხისმგებლობის გაზიარებას უმრავლესობას, რაც გულისხმობს, რომ გავინაწილოთ ტვირთი კაპიტალურ ხარჯებში, ანუ ერთობლივად ავაშენოთ 25 ახალი ბაღი, მათი მოვლა-პატრონობა და შენახვა სწორედ მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი ბიუჯეტის საქმე იქნება", - ამბობს უგულავა.

მისივე თქმით, არსებობს მეორე მოდელიც, რომელიც ვაუჩერულ სისტემას გულისხმობს. ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ კერძო ბაღებს პრობლემა არ უნდა შეექმნათ, მშობლებს კი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ. უგულავა ამბობს, რომ მზად არის, სხვადასხვა მოდელები ყველა დაინტერესებულ მხარესთან განიხილოს.

"არ უნდა მოხდეს ისე, რომ ფურცელზე გახდეს უფასო და სინამდვილეში გახდეს უხარისხო. ეს პრობლემა არ იქნება, თუ საკრებულოში უმრავლესობა დაუჭერს ამ ცვლილებებს მხარს და წამოვა თანამშრომლობაზე", - აცხადებს დედაქალაქის მერი.

კომენტარები