ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე

ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანი საქმის დეტალებს ასაჯაროებს

თელასის მენეჯერის, ნიკა ლომინაძის, მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გია გვიჩიანი წერილს ავრცელებს და საქმის დეტალებს ასაჯაროებს. მისი თქმით, 10 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოში გვიჩიანის შუამდგომლობის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის პროცესი დაიწყება.

"მე რამდენჯერმე საჯაროდ მოვუწოდე ბატონ ნოდარ ლომინაძეს, წარმოედგინა ერთი მტკიცებულება მაინც, რის გამოც მან ირწმუნა ჩემი დამნაშავეობა. პასუხად მივიღე განცხადება, რომ ნოდარ გვიჩიანის ჩვენება არის მისთვის მტკიცებულება. ეს უცნაურია, რადგანაც დაზარალებული ლომინაძეების ოჯახი საერთოდ არ დასწრებია სასამართლოში ნოდარ გვიჩიანის დაკითხვას. ამიტომ მე საჯაროდ გამოვაქვეყნებ საქმის ზოგიერთ დეტალს. ვინ არის ნოდარ გვიჩიანი? ის იმ დროისთვის 4-ჯერ ნასამართლევი ცნობილი კრიმინალი, თაღლითი და ნარკომოვაჭრე იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნ. გვიჩიანმა შეცდომაში შეიყვანა კალაძეების ოჯახი, 200 ათასი დოლარი გამოართვა გატაცებული ლევან კალაძის ვითომდა დასაბრუნებლად და შემდეგ ამ თანხის მითვისება აფრასიძეებს დააბრალა. ნოდარ გვიჩიანის მიერ პოლიციისათვის მიცემულმა ცრუ ინფორმაციამ დიდი როლი ითამაშა აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიაში. ” - აღნიშნავს გია გვიჩიანი წერილში.

გია გვიჩიანის თქმით, 2005 წლის 10 ნოემბერს  ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დაკავებულმა ნოდარ გვიჩიანმა, საპყრობილედან თავის დაღწევის მიზნით, გამოძიება შეცდომაში შეიყვანა და საპროცესო გარიგების საფუძველზე მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა. შედეგად, პროკურატურამ ნოდარ გვიჩიანი სასჯელისგან გაათავისუფლა, გია გვიჩიანი კი დააპატიმრა. გია გვიჩიანის თქმით, ნოდარ გვიჩიანმა უკრაინაშიც ჩაიდინა დანაშაული და ამჟამად 20 წლიან სასჯელს იხდის.

”საზოგადოებისათვის უფრო გასაგები რომ იყოს ამ საქმის აბსურდულობა, წარმოგიდგენთ ნოდარ გვიჩიანის ჩვენებებში არსებული ამოუწურავი არსებითი წინააღმდეგობებიდან მხოლოდ ორს:
ნოდარ გვიჩიანის ჩვენებით, ის თითქოს იყო შუამავალი ჩემსა და ეგრეთ წოდებულ ქილერს- ნიკა ჩემიას შორის. ამ ჩვენებით, ნიკა ჩემიას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდა მკვლელობის მოსამზადებლად. თითქოს ამ ორი კვირის განმავლობაში ნოდარ გვიჩიანი სხვადასხვა დროს 5-ჯერ შეხვდა ნიკა ჩემიას. 5-ვე შეხვედრა მან ცალ-ცალკე აღწერა.
1. შეხვედრა მკვლელობის შეკვეთის მისაცემად.
2. მეორე დღეს 20 ათასი დოლარი გადასცა ბუკიას ბაღთან.
3. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში ესტუმრა ნიკა ჩემია და უთხრა რომ ნიკო ლომინაძის პიროვნება უკვე შესწავლილი ჰყავდა სახეზე.
4. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ესტუმრა ნიკა ჩემია და ამ საქმისათვის სპეციალურად შეძენილი 1500 დოლარიანი მაკაროვის მაყუჩიანი იარაღი აჩვენა.
5. რამდენიმე დღის შემდეგ ბახტრიონზე დაინახა ნიკა ჩემია როგორ მიჰყვებოდა მანქანით ნიკო ლომინაძეს. ამ შეხვედრიდან 2 დღეში მოხვდა მკვლელობა.”- წერს გვიჩიანი

გია გვიჩიანი აღნიშნავს, რომ ნოდარ გვიჩიანის და ნიკა ჩემიას მობილური ტელეფონების, სატელეფონო ანძების და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ნიკა ჩემია იმ დროისთვის გერმანიაში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი და ნოდარ გვიჩიანის ხუთივე შეხვედრა მოგონილია.

” სასამართლოზე პროკურორმა სცადა ამ აბსურდის გამოსწორება და ე. წ. შემსრულებელს, ავთო ხერკელაძეს, ათქმევინა (რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება), რომ თითქოს მკვლელობის მომზადებას, ნიკა ჩემიამ თვე-თვენახევარი ან მეტი დროც კი მოანდომაო. მაგრამ იქვე გაირკვა, რომ ეს ვერ მოხდებოდა, რადგანაც ნიკო ლომინაძე მკვლელობამდე 20 დღით ადრე, 2002 წლის 27 ივნისიდან 22 ივლისამდე, თითქმის ერთი თვით, იმყოფებოდა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ვენესუელაში. ხოლო მისი თბილისში ჩამოსვლის მეორე დღეს კი 23 ივლისს, ნიკა ჩემია გაემგზავრა გერმანიაში. ანუ, ნიკა ჩემია და ნიკო ლომინაძე თბილისში ერთდროულად არც ერთი დღე არ იმყოფებიან. გამოძიება 2002 წლის 3 ივლისის უკან ვეღარ წავიდა, რადგან სწორედ 3 ივლისს გათავისუფლდა ნოდარ გვიჩიანი მორიგი პატიმრობიდან. თეორიულადაც კი ნიკა ჩემიას არ შეეძლო ამ მკვლელობის მომზადება. ცხადია, ნოდარ გვიჩიანის ჩვენება მთლიანად შეთხზული და მოგონილია.” - წერს გია გვიჩიანი.

”საქმის აბსურდულობის დასამტკიცებლად” გია გვიჩიანი მეორე ეპიზოდზეც საუბრობს.

”მე-2 ეპიზოდი მდგომარეობს შემდეგში: ნოდარ გვიჩიანის პირველი 7 ჩვენებით მან მკვლელობის ფაქტი გაიგო სახლში რუსთავი 2-ის გადაცემა კურიერიდან. თითქოს ის მიხვდა რომ მისმა მეგობრებმა შეასრულეს შეკვეთა. მაშინვე სცადა მათთან ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ სამივეს გამორთული ჰქონდა მობილური, შემდეგ თითქოს მივიდა ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთი ე. წ. შემსრულებლის გია პაპაჩაშვილის სახლთან და ქვევიდან დაუძახა. აივნიდან გადმოხედა პაპაჩაშვილის მეუღლემ, სახელად მაიამ და უპასუხა რომ -`გია სახლში არ იყო და თუ სად იყო არ იცოდა~. როგორც მერე შეიტყო, მკვლელობის შემდეგ ე. წ. შემსრულებლები გაეცალნენ თბილისს და ამიტომ იმ დღეს ვერც ერთს ვერ დაუკავშირდა. მისივე ჩვენებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ე. წ. შემსრულებლები დაბრუნდნენ თბილისში და მოუყვნენ მკვლელობის შესახებ.

გია გვიჩიანი ამბობს, რომ სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით, ნოდარ გვიჩიანი მკვლელობის დღეს ბათუმში იმყოფებოდა, ამიტომაც გამოძიებამ მერვედ შეაცვლევინა ჩვენება და დააწერინა, რომ მკვლელობის ფაქტი არა თბილისში, არამედ სწორედ ბათუმში გაიგო.

”აღსანიშნავია, რომ  ქილერობის ბრალდებით გასამართლებულ ნიკა ჩემიას აქვს უტყარი ალიბი. მას გერმანიიდან მანქანები ჩამოყავდა თბილისში გასაყიდად. ის მკვლელობამდე 2 დღით ადრე ჩამოდის თბილისში და მკვლელობის დილას კვლავ გერმანიაში მიემგზავრება, რომ მოასწროს ერთ თვიანი ვიზის პირობებში მეორე მანქანის ჩამოყვანა. მკვლელობის სავარაუდო დროს მისი მობილური ტელეფონი რკინიგზის ვაგზალზეა დაფიქსირებული, საიდანაც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, სულ რვა ადამიანი, მატარებლით მიემგზავრებიან ბათუმში. მათ აქვთ 3 მობილური ტელეფონი და ამოღებული სატელეფონო ანძების მონაცემების მიხედვით, ისინი გადაადგილდებიან ბათუმისაკენ. ოჯახი და მეგობრები რჩებიან ბათუმში, ხოლო ნიკა ჩემია ჩასვლიდან ნახევარ საათში გადაკვეთს სარფის საბაჟოს და თურქეთის გავლით მიემგზავრება გერმანიაში.” - წერს გია გვიჩიანი.

გია გვიჩიანი ამბობს, რომ ამერიკის გფბ-ს ლაბორატორიიდან მიღებული დნმ-ის ანალიზის პასუხის მიხედვით, მკვლელობის ადგილიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები (ნერწყვი, თმის ღერები) და თითის ანაბეჭდი არ ემთხვევა ნიკა ჩემიას, ავთო ხერკელაძის, გია პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის შესაბამის მონაცემებს. პროკურატურამ კი ეს დასკვნა დამალა.

” ნოდარ გვიჩიანის ჩვენებების მიხედვით, თითქოსდა ნიკა ჩემიამ მკვლელობა განახორციელა მაკაროვის სისტემის პისტოლეტით. აღმოჩნდა, რომ ნიკო ლომინაძის თავის ქალაზე არსებული ჭრილობის ზომა უფრო მცირე ზომისაა ვიდრე მაკაროვის ტყვია. სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტების ჩვენებით კი ტყვია ძვალზე არასოდეს არ ტოვებს თავისზე უფრო მცირე ზომის ჭრილობას. ეს ნიშნავს, რომ ნიკო ლომინაძე არ არის მაკაროვის იარაღით მოკლული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნოდარ გვიჩიანის ჩვენება მოგონილია და აბსურდულია.” - აღნიშნავს გია გვიჩიანი.

თელასის მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, ბახტრიონზე, საკუთარ სახლში მოკლეს. გია გვიჩიანი, რომელიც თელასშივე ექსპერტად მუშაობდა, დამნაშავედ ცნეს და 2006 წელს დააკავეს.მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დაპატიმრებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მცდელობას უკავშირებს.

კომენტარები