სასჯელაღსრულების დაწესებულება

სუბარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ამოღებული ნივთები წარმოადგინა

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროში მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ამოღებული ნივთები ჟურნალისტებს წარუდგინა. მისი თქმით, პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხელნაკეთი დანები, მობილური ტელეფონები, ციხეში დამზადებული ალკოჰოლური სასმელები, ე.წ. ბრაგა - კუსტარულად დამზადებული ტატუს აპარატი, ხელნაკეთი მადუღარები, კუსტარულად დამზადებული ბანქო და სხვა ნივთები ამოიღეს.

სუბარმა ასევე წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აკრძალული საგნების, თანამშრომლებზე თავდასხმის, მსჯავრდებულთა მიერ ერთმანეთის ჯანმრთელობისა და სხვისი ნივთების დაზიანების ფაქტებზე სულ 202 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მინისტრმა განმარტა, რომ ოპერატიული სარეჟიმო ღონისძიებების შედეგად, აკრძალული საგნების აღმოჩენისა და შენახვის ფაქტზე აღძრულია 103 საქმე, მათგან 20-ზე გამოძიება დასრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაბამისი განაჩენიც გამოტანილია.

ადმინისტრაციაზე თავდასხმა-დაუმორჩილებლობის ფაქტზეც აღძრულია 26 სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიერ ერთმანეთის დაზიანების შემთხვევებს, აღძრულია 39, ერთმანეთის ნივთების დაზიანებაზე კი - 34 საქმე.

კომენტარები